დღეს, ვინც მწვანე ღილაკს დააჭერს და კანონს მხარს დაუჭერს, დაადგება საბოლოო გზას ღალატისკენ - სუსტები არიან, შეშინებულები არიან და იცოდეთ, გამარჯვება ჩვენ მხარესაა! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ იმიტომაა კანონპროექტი რუსული, რომ „27 ქვეყნის ლიდერი გეუბნება, რომ ევროპული ოჯახი ღიაა, მაგრამ თუ ამ კანონს მიიღებ, ევროკავშირში ვერ შეხვალ“.
ვაშაძის განცხადებითვე, ამ კანონით ხელისუფლებას ავტორიტარული რეჟიმის აწყობა უნდა.
„დიახ, რუსულია კანონი, რომელიც მოსწონს მხოლოდ დუგინს და არავის სხვას ამ სამყაროში. რუსული ინტერესების გამტარებელია ყველა, ვინც იზიარებს დუგინის აზრს. დიახ, რუსულია კანონი, რომელიც ცდილობს, ავტორიტარული რეჟიმი დაამკვიდროს ამ ქვეყანაში, მაგრამ თქვენ, ამ ბოროტების შემოქმედებს, ერთი რამ გეშლებათ: საქართველო რუსეთი არაა, ქართველი ხალხი არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ერი, რომელიც აუცილებლად მოიპოვებს საბოლოოდ გამარჯვებას. თქვენ არავინ დაგიტოვებთ ამ ქვეყანას საჯიჯგნად. და მთავარი: ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ბოროტება არის ბიძინა ივანიშვილი. თქვენ [უმრავლესობა] არავინ ხართ მისთვის. ბიძინა ივანიშვილი ისე გაგყიდით და გადაგაგდებთ, როგორც არაფერი. თქვენ მისთვის საერთოდ არ არსებობთ. მისთვის არსებობს მხოლოდ მისი პერსონალური ინტერესები. ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები - ბიძინა ივანიშვილო, არ დაგითმობთ ამ ქვეყანას ქართველი ხალხი! ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი, ერთიანი და გახდება ევროკავშირის წევრი. არ დაივიწყოთ მერე თქვენი მონა-მოსამსახურეები, რომლებიც თქვენს ინტერესებს ატარებენ. მე გეუბნებით, რომ არ დაივიწყოთ, თორემ თქვენ ბევრი მიხვალთ და ბოდიშს მოუხდით ქართველ ხალხს იმ ქმედებების გამო, რასაც დღეს აკეთებთ. დღეს მწვანე ღილაკის მიჭერა არის ხელის დაჭერა საქართველოსთვის ევროპული გზის ჩაკეტვისთვის; დღეს ამ კანონის მხარდაჭერა რუსული ინტერესების გატარებაა; არის ქვეყნის და ერის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ კანონის მხარდაჭერა არის მუხლზე ჩოქვით რუსეთის წინაშე დგომა.
იცოდეთ, საქართველო და ქართველი ხალხი ამ ქვეყანას არ დაგითმობთ. ამ დარბაზში ღალატზე ხშირადაა საუბარი, დღეს ვინც მწვანე ღილაკს დააჭერს და კანონს მხარს დაუჭერს, დადგება საბოლო გზას ღალატისკენ. ამიტომ, ყველანი დაფიქრდით, იცოდეთ, რომ პარლამენტში ჯდომას, ივანიშვილს და არც არავის, ფასი არ აქვს, ფასი აქვს სამშობლოს, ხალხს, ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას. თქვენ უნდა აკეთოთ ის, რაც ხალხს უნდა და არა ის, რაც ივანიშვილს უნდა. ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი ბოროტება ამ ქვეყნის, ნუ ჩაჰყვებით ბიძინა ივანიშვილს სამარეში!
დღეს აქ საქართველოს ბედი წყდება. ერი და ბერი ერთიანია, არავინაა დარჩენილი, ვინც თქვენს პოზიციას უჭერს მხარს. ბოდიში თქვენ გაქვთ მოსახდელი, ბევრ რამეზე გაქვთ მოსახდელი, მაგრამ გნახავთ ხალხის წინაშე გამოსულს ბოდიშებით - დამაძალესო, მაიძულესო, მაგრამ ეგ არ გავა. თუ ვინმეს გაშინებენ, გამოდით, თქვით, გვერდში დაგიდგებით.
ეს კანონი არის რუსული იმიტომ, რომ უნდა დაამკვიდროს საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი. როცა 27 ქვეყნის ლიდერი, ყველა გეუბნება, რომ ეს ოჯახი ღიაა, მაგრამ თუ ამ კანონს მიიღებ, ევროკავშირში ვერ შემოხვალ, მაშინ ეს კანონი რუსულია, რადგან სწორედ რუსეთის ინტერესია, საქართველო ასცდეს ევროპული ინტეგრაციის გზას. რაც არ უნდა იყიყინოთ და იხმაუროთ, ერთი რამ ნათელია - ან გზა განვითარებისკენ, ან გზა ღალატისკენ; ან გზა ხალხისკენ, ან ბიძინასკენ, ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, რას ირჩევთ - ღალატის თუ საქართველოს განვითარების გზას.
მამუკა [მდინარაძე], პირადად გეუბნები, რატომაა ეს კანონი რუსული: იმიტომ, რომ ამ კანონის მიღებით საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, შეიძლება დავკარგოთ კანდიდატის სტატუსი, უვიზო მიმოსვლა, რაც რუსეთის ინტერესშია და მეორე: ეს კანონი არის პირველი საძირკველი, რომელზეც გინდათ, ავტორიტარული რეჟიმი ააწყოთ, თავისუფალი სიტყვა გააუქმოთ, ადამიანები დაასტიგმატიზოთ, ვიღაცებს აგენტები დაუძახოთ. აგენტები მოიკითხეთ თქვენთან - ის ადამიანები, ვინც გავალებთ ამ რუსული საქმის შესრულებას“,- განაცხადა ვაშაძემ.