პარლამენტთან პროტესტი დღეს 12 საათზე განახლდება. როგორც აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილებს გუშინ გვიან ღამით განუცხადეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენაც პროტესტის ფონზე წარიმართება. პარლამენტთან გამართულ აქციაზე ვითარება გუშინ რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეებს პარლამენტისთვის წრის დარტყმის სურვილი ჰქონდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმიც. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე კი წყლის ჭავლის მანქანებიც გამოიყვანეს. პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სულ მცირე 14 მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და ასევე მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.