ოქროს ფასი ახალ მაქსიმუმამდე ადის და 2025 წლის ბოლოსთვის უნციაზე შესაძლოა, 3,500 დოლარამდე გაიზარდოს, თუ ინფლაციაც გაიზრდება. ამის შესახებ მკვლევარების პროგნოზს, Business Insider-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის ოქროს ფასი 49%-ით გაძვირდება, რადგან ინფლაციამ შესაძლოა, 1970-იანი წლების მონაცემი გაიმეოროს, როცა ფასებმა სპირალისებურად დაიწყო ზრდა და უნცია ოქრო 35-დან 665 დოლარამდე გაძვირდა. შეგახსენებთ, რომ ოქროს ფასმა 8 აპრილს ზრდა განაგრძო და წლის დასაწყისიდან ისტორიული მაქსიმუმი უკვე მეთოთხმეტედ განაახლა. 1 აპრილს ოქრო რეკორდულად გაძვირდა, რადგან გამოიკვეთა ნიშნები, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას უახლოვდება. ამან ზრდა დაასტიმულირა, რაც, ასევე, გეოპოლიტიკური დაძაბულობითა და ჩინეთში ძლიერი მოთხოვნით არის გამოწვეული. ექსპერტების განცხადებით, ოქროს ფასის ზრდის მთავარი მიზეზი ინვესტორების ქცევაა, რომლებიც ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ელოდებიან და ამის ფონზე ძვირფას ლითონს, როგორც უსაფრთხო აქტივს, აქტიურად ყიდულობენ. ოქროზე მოთხოვნის ზრდა კი მისი ფასის მატებას იწვევს. ოქროს ღირებულების ზრდას ხელს სხვა ფაქტორებიც უწყობს, მათ შორის ცენტრალური ბანკები, ჩინეთის ხელმძღვანელობით, რომლებიც ამ ძვირფასი ლითონით აშშ დოლარზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ. მაგალითისთვის, Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო ბანკმა მარტში 160,000 უნცია ოქრო შეიძინა. აღსანიშნავია, რომ აზიური სახელმწიფო მსგავს ნაბიჯებს ზედიზედ მე-17 თვეა, დგამს და, შედეგად, მისი ოქროს რეზერვები 72.74 მილიონ ტროას უნციამდე გაიზარდა