* ჯო დასენის ცნობილი ჰიტები -
ფრანგი მუსიკოსი, რომელმაც რომანტიკული კომპოზიციებისა და ლირიული შესრულების მანერით გაითქვა სახელი, დღემდე შანსონის ერთ-ერთ საუკეთესო ავტორ-შემსრულებლად ითვლება. უცნაურია, მაგრამ ჯო დასენი, რომელმაც 1970-იან წლებში დაიპყრო ფრანგული ესტრადა და მოიპოვა პუბლიკის სიყვარული, სინამდვილეში არც ფრანგი იყო და არც მუსიკალური განათლება ჰქონდა. მეტიც, დიპლომირებული ეთნოლოგი სერიოზული სამეცნიერო კარიერისთვის ემზადებოდა, სამოყვარულო კონცერტებს კი, მხოლოდ სტუდენტურ კაფეებში აწყობდა ახალგაზრდების გახალისებისა და დამატებითი შემოსავლის შოვნის სურვილით.
* * *
ჯოზეფ აირა დასენი 1938 წლის 5 ნოემბერს დაიბადა ნიუ-იორკში. მისი მამა ცნობილი კინორეჟისორი, ფილმების „უხეში ძალისა“ და „გაშიშვლებული ქალაქის“ ავტორი ჟიულ დასენი იყო, რომელიც წარმატებული კარიერის მიუხედავად, 1940-იანი წლების ბოლოს, როცა სენატორ ჯოზეფ მაკარტიმ ე.წ. „კუდიანებზე ნადირობა“ გამოაცხადა და აქტიურად შეუდგა კომუნისტური იდეოლოგიის მომხრეთა დევნას, იძულებული გახდა ოჯახთან ერთად დაეტოვებინა ამერიკა. მართალია, დასენი არც კომუნისტებს გულშემატკივრობდა, არც მათი იდეებით ინტერესდებოდა, მაგრამ „მაკარტიზმის“ სახელით ცნობილ რეპრესიებს მაინც ემსხვერპლა.
* * *
მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად დასენი პარიზში დასახლდა. ემიგრაციის მიუხედავად, ოჯახი მაინც არასდროს უჩიოდა ფინანსურ პრობლემებს, რადგან ნიჭიერმა რეჟისორმა უცხო ქვეყანაშიც სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი. სწრაფად ისწავლა ფრანგული 11 წლის ჯომაც, რომელიც ჯერ შვეიცარიაში, Institut Le Rosey-ის ელიტარულ კოლეჯში სწავლობდა, მერე მამის სამუშაო გრაფიკის წყალობით იმოგზაურა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში და საკუთარ თავზე მოსინჯა სხვადასხვა სასწავლო პროგრამა. ბაკალავრის ხარისხი დასენმა გრენობლის უნივერსიტეტში მიიღო, 1955 წელს, მშობლების განქორწინების შემდეგ კი, რომელიც ძალიან მძიმედ განიცადა, ამერიკაში გაემგზავრა და მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩააბარა.
მედიცინის ფაკულტეტზე რამდენიმეწლიანი სწავლის შემდეგ ჯო მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების კულტურით, წეს-ჩვეულებებით დაინტერესდა და იმავე უნივერსიტეტში ჩააბარა ეთნოლოგიის ფაკულტეტზე. მართალია, დასენი ახალ აღმოჩენებსა და ცნობილი ეთნოლოგის კარიერაზე ოცნებობდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ყველასთვის და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის მოულოდნელად მდინარე არკანზასის ხეობაში მორიგი ექსპედიციის ნაცვლად, ტრანსატლანტიკური ლაინერის ბორტზე აღმოჩნდა, რომელსაც ევროპისკენ ჰქონდა კურსი აღებული.
* * *
საფრანგეთში დაბრუნებულმა დასენმა ჟურნალისტიკაში მოსინჯა შესაძლებლობები, თუმცა მალე მოჰბეზრდა და მამის გადამღებ ჯგუფს შეუერთდა რეჟისორის ასისტენტად. სწორედ მამის წყალობით შეასრულა ეპიზოდური როლი მის ფილმში, მერე კი, მისივე თხოვნით იმუშავა საუნდთრეკზე და პირველი მუსიკალური გამოცდილება შეიძინა, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სწორედ მუსიკა გახდებოდა მისი ნამდვილი გატაცება.
მომავალი მუსიკოსის ბედი მისმა მეუღლემ, მსახიობმა მარიზა მასერამ გადაწყვიტა, როცა მეუღლისთვის სიურპრიზის გაკეთება მოინდომა და მისი ჩანაწერების მოსმენა მეგობარს კატრიენ რენიეს სთხოვა, რომელიც ამერიკულ CBS-ის ფრანგულ ფილიალში მუშაობდა. სწორედ რენიეს წყალობით დაიწყო ჯო დასენის საესტრადო კარიერა. უჩვეულო შესრულების მანერისა და ლირიული კომპოზიციების წყალობით მუსიკოსმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და 1970-იან წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ევროპელ შემსრულებლად იქცა.
მართალია, ჯო დასენს, რომელიც 41 წლის ასაკში გარდაიცვალა ინფარქტით, ძალიან ხანმოკლე კარიერა ჰქონდა, მაგრამ არაჩვეულებრივი ნამუშევრების წყალობით მაინც შეძლო ისეთი ლეგენდარული მუსიკოსების გვერდით ადგილის დამკვიდრება, როგორიც შარლ აზნავური, ედიტ პიაფი და სერჟ გენსბურია. მეტიც, გასულ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, სწორედ დასენის სიმღერები დაწინაურდნენ ფრანგების საყვარელი კომპოზიციების რეიტინგში, რომელთაც ათწლეულების შემდეგ უფრო მეტად შეიძინეს ნოსტალგიური განწყობა.
* * *
* Les Champs – Élysées –
ცნობილი ჰიტი Les Champs – Élysées, რომელიც 1969 წელს ჩაიწერა, დღეს პარიზის მთავარ სიმბოლოდ და ფრანგული შანსონის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპოზიციად ითვლება. მეტიც, სწორედ „ელისეს მინდვრებმა“ მოუტანეს მუსიკოსს საერთაშორისო აღიარება. სხვათა შორის, თავიდან სიმღერის ტექსტი ინგლისურ ენაზე დაიწერა და Waterloo Road-ის სახელი შეიძინა, თუმცა კოლეგის, ფრანგი ავტორ-შემსრულებლის პიერ დელანოეს თხოვნით და მისივე დახმარებით, დასენმა ოდნავ სახეცვლილი ტექსტი ფრანგულ ენაზე თარგმნა.
* Taka Takata –
მართალია, 1972 წელს გამოსული კომპოზიცია Taka Takata რადიკალურად განსხვავდებოდა დასენის მშვიდი, მელანქოლიური მელოდიებისგან, მაგრამ სწორედ რიტმულობისა და ენერგიულობის წყალობით იქცა 1970-1980-იანი წლების მთავარ საცეკვავო ჰიტად, ევროპულ ჩატრებში ლიდერის პოზიციის მოპოვების შემდეგ კი, მთელი 11 კვირით შეინარჩუნა პირველობა.
* À toi –
კომპოზიცია À toi, რომელიც კომპოზიტორ ჟან ბოდლოსთან თანამშრომლობით შეიქმნა, დასენმა მეორე მეუღლეს კრისტინ დელვოს მიუძღვნა, ვისთანაც მართალია, ორი შვილი - ჯონატანი და ჟულიენი შეეძინა, მაგრამ ქორწინება აღმოჩნდა ხანმოკლე. მეტიც, დასინმა არა მხოლოდ განქორწინება, არამედ შვილებზე მეურვეობაც სასამართლოს წესით მოიპოვა, ლირიული სიმღერა კი, რომელიც მსმენელმა გამოსვლისთანავე მოიწონა, დღეს ფრანგული მელოდრამების მთავარ მუსიკალურ თემად ითვლება.
* Salut –
ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული კომპოზიცია Salut დასენმა იტალიელ მუსიკოსთან ტოტო კუტუნიოსთან ერთად შექმნა. თავად მუსიკოსი ყოველთვის თბილად იხსენებდა იტალიელ კოლეგასთან თანამშრომლობას და აღნიშნავდა, რომ მართალია, მანამდე საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ისე სწრაფად გამონახეს საერთო ენა, თითქოს მთელი ცხოვრება მეგობრობდნენ, ამიტომ სიმღერაც ძალიან მარტივად, სულ რამდენიმე საათში დაიწერა.
* Et si tu n’existais pas –
დასენისა და კუტუნიოს წარმატებულ დებიუტს, 1975 წელს მორიგი ერთობლივი ნამუშევარი Et si tu n’existais pas მოჰყვა. საოცრად ემოციური და ამაღელვებელი კომპოზიცია არა მხოლოდ მუსიკოსის თაყვანისმცემლებმა შეიყვარეს, არამედ ყველა დროის 100 საუკეთესო სიმღერის რეიტინგშიც მოხვდა.