შარშან დიდი ტყუილი ითქვა და ამ ტყუილის გამო შემდეგ ბევრი თვალებში ვეღარ გვიყურებდა, დონორებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩათვლით , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალეობაზე საუბრისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, როდესაც დონორებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს კონკრეტული გამჭვირვალეობის ნაკლებობის მაგალითებით ესაუბრებიან, საპასუხოდ არაფერი აქვთ ხოლმე.
„ისინი ამბობენ, რომ მათი საქმიანობა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ამას ამბობდნენ შარშანაც, მაგრამ საბოლოო ჯამში შარშან დიდი ტყუილი ითქვა და ამ ტყუილის გამო შემდეგ ბევრი ვიღაც თვალებში ვეღარ გვიყურებდა, დონორებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩათვლით. ვინაიდან, როდესაც ვესაუბრებოდით კონკრეტული მაგალითებით, მერე უკვე საპასუხო აღარ ჰქონდათ ხოლმე, მათ შორის დონორებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში კონკრეტული მაგალითიც გაიხსენა და განაცხადა, რომ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას პარტია „დროას“ გარდა აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „დროაც“, რომელიც "ევროპის დემოკრატიული ფონდისგან" ფინანსდება და ამის შესახებ შემთხვევით facebook-ის პოსტიდან გახდა ცნობილი.
„არიან თუ არა ზოგადად გამჭვირვალეები? მაგალითად, ავიღოთ „დროა“, რომელიც არის მაგალითი იმ მთავარი პრობლემისა, რომელიც ჩვენ სამოქალაქო სექტორში არის და სინამდვილეში ფუნდამენტური ცვლილებები თუ სადმე არის საჭირო, ზუსტად აქ არის საჭირო. ეს არის მაგალითი ყველა მანკიერი თვისება ქართული სამოქალაქო სექტორის არის ერთად თავმოყრილი. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ჩვეულებრივი კლონია პარტიის, მას პარტიის სახელი აქვს, რეგისტრირებულია ელენე ხოშტარიას მისამართზე, იმეილი არის ელენე ხოშტარიასი, ხელმძღვანელი არის ელენე ხოშტარია, დამფუძნებელი ელენე ხოშტარია. გვაქვს პარტია „დროა“ და გვაქვს აბსოლუტურად ასლი ე.წ. NGO „დროა“. რას აკეთებს? ღონისძიებებს ატარებს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაცია რაც ვრცელდებოდა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ეს იყო „დროა“. ვისგან ფინანსდება „დროა“, ევროპის დემოკრატიული ფონდისგან და საიდან გავიგეთ ეს? საგადასახადოდან, თუ ბანკისგან? შემთხვევით გავიგეთ იმიტომ, რომ თავად ელენე ხოშტარიას წამოცდა ერთ-ერთ FACEBOOK-ის პოსტში, რომ დიდი მადლობა ჩვენს დონორს, ევროპის დემოკრატიულ ფონდს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.