ანტალიაში დაფუძნებულ Southwind Airlines-ს, რომელიც ჩარტერულ რეისებს თბილისიდანაც ასრულებს, ევროკავშირმა თავის საჰაერო სივრცეში ფრენა რუსეთთან კავშირის გამო აუკრძალა. ავიაკომპანია რეისების შესრულებას ბერლინში, დიუსელდორფში, ფრანკფურტში, ჰამბურგში, მიუნხენსა და შტუტგარტში, ასევე, საბერძნეთის ჰერაკლიონში გეგმავდა. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ტურისტებისთვის ეგვიპტის შარმ-ელ-შეიხიდან მოსკოვში ფრენა გადაიდო, რომელიც ავიაკომპანია Air Cairo-ს უნდა შეესრულებინა. ცნობისთვის, Southwind რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ სპეციალურად რუსი ტურისტების თურქეთში გადასაყვანად შეიქმნა. ჩარტერული ავიაკომპანია 2022 წლის გაზაფხულზე ანტალიაში დაარსდა. თურქულმა მედიამ ის „რუსების გადამყვან ავიაკომპანიად“ მონათლა. Southwind Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანტალიის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი 2022 წლის 21 აგვისტოს შეასრულა.