საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით, არგენტინის რესპუბლიკაში იმყოფება. მინისტრმა შეხვედრა გამართა არგენტინელ კოლეგა დიანა მონდინოსთან. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არგენტინასა და საქართველოს შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა არგენტინასთან, როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ მოთამაშესთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას. მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდგომ საქართველოს გაზრდილ რეგიონულ და საერთაშორისო როლზე. ილია დარჩიაშვილი, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ასევე გამართავს არგენტინის საკანონმდებლო ორგანოში - სენატის პრეზიდენტთან, აგრეთვე ბუენოს -აირესის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.