* სილვიო ბერლუსკონი -
თანამედროვე იტალიის რთულ და ჩახლართულ პოლიტიკაში წამყვან ფიგურად ყოველთვის სილვიო ბერლუსკონი ითვლებოდა, რომელიც ბრწყინვალედ ახერხებდა წარმატებული ბიზნესისა და პოლიტიკური კარიერის შეთავსებას. ქარიზმისა და არაჩვეულებრივი იუმორის წყალობით პოლიტიკოსი წლების მანძილზე სარგებლობდა იტალიელი ამომრჩევლის სიმპათიით, რომელიც მაფიასთან მეგობრობასა და კორუფციაში ბრალდების მიუხედავად, მაინც მის სასარგებლოდ აკეთებდა არჩევანს.
მართალია, ბერლუსკონის რამდენჯერმე მოუწია სასამართლოს წინაშე წარდგომა და ბრალდებებზე პასუხის გაცემა, მაგრამ ერთის მხრივ, მოუქნელი იურიდიული სისტემისა და მის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებების არ არსებობის გამო, მეორეს მხრივ, საკუთარი მოხერხებულობისა და მანევრირების ბრწყინვალე ნიჭის წყალობით მაინც შეძლო მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევა.
ბერლუსკონი, რომლის დებიუტი პოლიტიკაში 57 წლის ასაკში შედგა, ევროპული ქვეყნის პირველი მულტიმილიარდერი მმართველი გახდა, ოთხჯერ ხელმძღვანელობდა იტალიის მინისტრთა საბჭოს და ყველაზე დიდხანს - მთელი 9 წელი მართავდა ქვეყანას პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა ბენიტო მუსოლინისა და ჯოვანი ჯოლიტის შემდეგ. მასვე ეკუთვნის ფენომენალური რეკორდი მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, რადგან 1991 წელს პარტიის Forza Italia-ს შექმნიდან სულ რაღაც 60 დღეში მოიგო საპარლამენტო არჩევნები.
იტალიის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, სადაზღვევო მაგნატმა, ბანკებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მფლობელმა ბერლუსკონიმ 1970-იანი წლების ბოლოს კომერციული ტელევიზიის პირველი უმსხვილესი ქსელი შექმნა ევროპაში. ამასთანავე, მთელი 30 წლის მანძილზე ფლობდა მილანის საფეხბურთო კლუბს და უმსხვილესი მედიაჰოლდინგის Fininvest-ის საკონტროლო პაკეტს, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ უფროსი შვილები - მარინა და პიერ სილვიო ჩაუდგნენ სათავეში.
12-მილიარდიანი ქონებით 2005 წელს ბერლუსკონი 25-ე პოზიციით მოხვდა Forbes-ის „ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანების“ რეიტინგში, თუმცა 2011 წელს, როცა მისი კაპიტალი 7,8 მილიარდამდე შემცირდა, ბიზნესმენმა-პოლიტიკოსმა 118-ე ადგილზე გადაინაცვლა.
* * *
სილვიო ბერლუსკონი 1936 წლის 29 სექტემბერს დაიბადა მილანის ღარიბ კვარტალში, სადაც მასიურად იყრიდნენ თავს მაწანწალები და უსახლკაროები, ამიტომ შეუძლებელი იყო წლების მანძილზე დაბუდებული სიბინძურისა და კრიმინალის აღკვეთა. მართალია, ღრმად მორწმუნე კათოლიკე - ლუიჯი ბერლუსკონი ბანკში მუშაობდა, მაგრამ მაინც ძალიან უჭირდა დიასახლისი მეუღლისა და სამი შვილის რჩენა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ბენიტო მუსოლიმ ჰიტლერის რეჟიმს დაუჭირა მხარი და გერმანიის მოკავშირედ ჩააბა იტალია ომში, ნაცისტების მოწინააღმდეგე ლუიჯი ბერლუსკონი იძულებული გახდა ოჯახთან ერთად გაქცეულიყო შვეიცარიაში. უფროსი ბერლუსკონისთვის მეტად სახიფათო აღმოჩნდა იტალიის ტერიტორიაზე გამოჩენა, ამიტომ საზღვრის გადაკვეთას და ყოველდღე მილანში სამუშაოდ გამგზავრებას მხოლოდ სილვიოს დედა - როზელა ბედავდა, რომელიც კომპანია Pirelli-ის გენერალური დირექტორის მდივნად მოეწყო და ოჯახის ერთადერთ მარჩენლად იქცა.
მოგვიანებით სილვიო დედასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა მილანთან ახლოს, პატარა ქალაქ ოლტრანა-დი-სან-მამეტეში. სხვა ბავშვების მსგავსად, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მცირეწლოვანი ბერლუსკონიც ხან კარტოფილს აგროვებდა, ხან ფერმაზე მუშაობდა და სწორედ ასე ცდილობდა დამატებითი შემოსავლის შოვნას, რაც აბსოლუტურად ნორმალური იყო საომარ მდგომარეობაში მყოფი იტალიისთვის.
ხშირად გასამრჯელოს ნაცვლად სილვიო მხოლოდ ერთ სათლ იოგურტს იღებდა, თუმცა ამითაც კმაყოფილი იყო, რადგან სწორედ მისი „მონაპოვრით“ იკვებებოდა მთელი ოჯახი. ომის დასრულების შემდეგ თანამემამულეების მსგავსად ლუიჯიმაც შეძლო სამშობლოში დაბრუნება და ოჯახის მეტ-ნაკლებად დახმარება, თუმცა ომის წლები და მძიმე ბავშვობა, რომელმაც მომავალ პრემიერ-მინისტრს მტკიცე ნებისყოფა განუვითარა და ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავლის მოძიება ასწავლა, სამუდამოდ დარჩა მის მეხსიერებაში.
* * *
მართალია, ოჯახი ისევ მომჭირნედ ცხოვრობდა და მუდმივად ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა, მაგრამ სილვიომ მაინც შეძლო კარგი განათლების მიღება. ბერლუსკონიმ ჯერ კათოლიკურ ლიცეუმში გამოიჩინა თავი და ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ იქცა, მერე კი, მილანის უნივერსიტეტში ჩააბარა და წარჩინებით დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. სადიპლომო ნაშრომისთვის, რომელიც სარეკლამო ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების პრობლემებს მიეძღვნა, ბერლუსკონიმ სპეციალური პრემია და 2 მილიონი ლირა მიიღო საჩუქრად.
სწავლის საფასურს ბერლუსკონი, რომელიც კარგად მღეროდა და უკრავდა კონტრაბასზე, თვითონ იხდიდა საკრუიზო ლაინერებზე გამოსვლებითა და მუსიკალური შოუების მოწყობით. სხვათა შორის, 2003 წელს პრემიერმა სადებიუტო ალბომი Meglio ’na Canzone გამოუშვა მისი ავტორობით შექმნილი რომანტიკული ბალადებით.
პირველ ალბომს, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და 45 ათას ეგზემპლარად გაიყიდა იტალიაში, 2006 წელს მეორე ნაკრები L’ultimo Amore მოჰყვა, რომელიც ბერლუსკონიმ საკუთარ 70 წლის იუბილეს მიუძღვნა. მესამე ალბომი Il Vero Amore 11 კომპოზიციით, 2011 წელს გამოვიდა. სიმღერების ტექსტზე ისევ ბერლუსკონიმ იმუშავა, არანჟირებაზე კი, მისმა მეგობარმა ფოლკოლური მუსიკის ცნობილმა შემსრულებელმა მარიანო აპიჩელამ იზრუნა.
მეგობრების განცხადებით, როგორც ნამდვილ იტალიელს, სილვიოსაც ძალიან უყვარდა სიმღერა და ყოველთვის სიამოვნებით აწყობდა იმპროვიზირებულ კონცერტებს პრივატულ წვეულებებზე. მის საყვარელ კომპოზიციად კი, ’O Sole Mio, Torna a Surriento, I' te vurria vasa და არიები იქცა ოპერებიდან „ტოსკა“ და „ტურანდოტი“.
* * *
1957 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, პირველი სამუშაო ბერლუსკონიმ სამშენებლო ფირმაში Immobiliare costruzioni-ში მიიღო, პირველი გარიგება უძრავი ქონების გაყიდვაზე კი, 1961 წელს გააფორმა. 1960-იან წლებში იტალიაში ნამდვილი სამშენებლო ბუმი იყო და ახალგაზრდა სილვიომა, რომელმაც უარი თქვა მილანის ბანკის Rasini-ის მფლობელის შეთავაზებაზე, სწორედ ამ სფეროში გადაწყვიტა შესაძლებლობების მოსინჯვა.
პირველი კომპანია Cantieri Riuniti Milanesi ბერლუსკონიმ 26 წლის ასაკში დააფუძნა მეგობართან პიერო კანალისთან ერთად. საკუთარი საინვესტიციო წილი სილვიომ მამის წყალობით შეაგროვა, რომელმაც შვილის პირველი პროექტის გულისთვის გაანაღდა საკუთარი საპენსიო დანაზოგი. ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინეს ახალგაზრდა ბიზნესმენს Rasini-ის ბანკმა, შვეიცარულმა ნდობის ფონდმა და ბერლუსკონის ძველმა ნაცნობებმა.
* * *
ექსტრავაგანტური, თუმცა საოცრად ცნობისმოყვარე ბერლუსკონი მუდმივად განსხვავებულ სფეროებში საქმიანობდა და ყველგან წარმატებას აღწევდა. 1990-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკოსი კინოფილმების წარმოებამ გაიტაცა. მისი სადებიუტო ფილმი - სამხედრო კომედია „ხმელთაშუა ზღვა“, რომელზეც პროდიუსერის რანგში იმუშავა, 1992 წელს „ოსკარის“ პრემიით დაჯილდოვდა საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში.
2018 წელს კი, პაოლო სორენტინომ თავად ბერლუსკონიზე გადაიღო ფილმი „ლორო“, რომელშიც პოლიტიკოსსა და მისი უახლოესი წრის პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებზე მოუთხრო მაყურებელს.თუმცა, საკუთარი ნამუშევარი, რომელშიც მთავარი როლი ტონი სერვილიომ შეასრულა, რეჟისორმა არა ბიოგრაფიული კინოს ჟანრს, არამედ ანთოლოგიას მიაკუთნა, რადგან სადისკუსიოდ 2006-2009 წლები აირჩია და რამდენიმე ნოველა გააერთიანა.
* * *
1977 წელს ბერლუსკონიმ „შრომის კავალრის“ წოდება მიიღო, რისი წყალობით იტალიელებისგან „კავალიერის“ ზედმეტსახელი შეიძინა. მართალია, გაზეთის La Stampa-ს მტკიცებით, 2013 წელს, როცა სასამართლომ ე.წ. „რუბის საქმეში“ ცნო დამნაშავედ და ექვსი წლით მოითხოვა მისი დაპატიმრება, ბერლუსკონიმ საპატიო წოდება დაკარგა, მაგრამ BBC-ის მონაცემებით, პოლიტიკოსმა საკუთარი ნებით დათმო „კავალრობა“, როცა სასამართლომ უარი უთხრა აპელაციაზე. სხვათა შორის, 1978 წელს ბიზნესმენი იტალიურ მასონთა ლოჟას P2-ს შეუერთდა, თუმცა მხოლოდ სამი წლით, რადგან ოფიციალური ინფორმაციით ლოჟა 1981 წელს იქნა ლიკვიდირებული.
აღსანიშნავია, რომ „შრომის კავალრის“ ორდენი, რომელიც იტალიის რესპუბლიკამ მემკვიდრეობით მიიღო იტალიური სამეფოსგან 1901 წელს დაარსდა რაინდული ორდენის ანალოგად და იმ ბიზნესმენებს გადაეცემათ, რომელთაც საკუთარი წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და ვაჭრობის, საკრედიტო და სადაზღვევო სფეროების განვითარებაში.
საერთო ჯამში ბერლუსკონის 50-ჯერ წარედგინა ბრალი სხვადასხვა საქმეზე, რაც რეკორდად იქცა ერთი პოლიტიკოსისთვის. პრემიერის „კრიმინალურ გმირობებს“ შორის აღმოჩნდა კორუფცია და გადასახადებისგან თავის დაღწევის მცდელობა, მსხვილი თაღლითობა და ინტიმური კონტაქტები არასრულწლოვანებთან.
* * *
ექსტრავაგანტურმა ბერლუსკონიმ თავისი მწარე ხუმრობებითა და არაპოლიტკორექტული გამონათქვამებითაც გაითქვა სახელი. 2005 წელს პოლიტიკოსი ესპანეთის მთავრობას გაეხუმრა, როცა პარლამენტში მოჭარბებული ქალბატონების გამო მექალთანეები უწოდა,
ბუნდესტაგის ერთ-ერთი წარმომადგენელი კი, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის მცველს შეადარა.
2001 წელს, 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტების შემდეგ ბერლუსკონიმ თამამად განაცხადა, რომ დასავლური ცივილიზაცია ბევრად პროგრესული იყო, ვიდრე ისლამური, ამიტომ უფლება ჰქონდა სრულად გაენადგურებინა ისლამის მიმდევრები. თავი გამოიჩინა პრემიერმა 2002 წელს ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზეც, როცა ჯგუფური ფოტოს გადაღებისას ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ეხუმრა და მის თავზე თითებით გამოსახა „რქები“, 2008 წელს კი, ბარაკ ობამას ღირსებების ჩამოთვალა და შენიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტი „ახალგაზრდა, სიმპათიური და ზედმეტად გარუჯული იყო“.
* * *
ბერლუსკონი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საკუთარ იმიჯს და გარეგნობას. საშუალო სიმაღლის კომპენსირებას პოლიტიკოსი სპორტული ფორმითა და ძვირადღირებული სამოსით ცდილობდა. ამასთანავე, პერიოდულად იცავდა უმკაცრეს დიეტას და საკმაოდ ხშირად მიმართავდა პლასტიკური ქირურგების დახმარებას, რასაც არასდროს მალავდა საზოგადოებისგან.
* * *
2009 წელს ბერლუსკონიზე თავდასხმა განხორციელდა. მომხრეებთან შეხვედრისა და ავტოგრაფების დარიგების დროს, უცნობმა მამაკაცმა პოლიტიკოსს მილანის ცნობილი ტაძრის სუვენირული მინიატიურა უთავაზა სახეში და სერიოზული ტრავმა მიაყენა, რადგან ცხვირი გაუტეხა და ზედა ტუჩი გაუხეთქა, რის გამოც ბერლუსკონიმ საკმაოდ ბევრი სისხლი დაკარგა.
თავდამსხმელი 42 წლის მასიმო ტარტალია აღმოჩნდა, რომელიც 18 წლიდან იტანჯებოდა ფსიქიკური პრობლემებით. დაკავებულმა ტარტალიამ წერილი მისწერა პრემიერს და ბოდიში მოუხადა, საკუთარ ქცევას იმპულსური, გაუაზრებელი უწოდა და სინანული გამოთქვა, რომ სერიოზულად აზარალა. მართალია, პრესამ ეჭვი შეიტანა თავდამსხმელის გულწრფელობაში, მაგრამ ტარტალიამ სწორედ ასე შეძლო მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევა.
* * *
ბერლუსკონი, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ ორჯერ იყო დაქორწინებული, ახალგაზრდობიდანვე ნამდვილი იტალიელის ტემპერამენტით ეტრფოდა ქალბატონებს, რაც ხშირად ხდებოდა სკანდალების მიზეზი. პოლიტიკოსი ყოველთვის თავგამოდებით პატრონობდა მრავალრიცხოვან საყვარლებს და ზოგს ტელევიზიაში, ყველაზე იღბლიანებს კი, მინისტრთა კაბინეტში ასაქმებდა. სწორედ პრემიერ-მინისტრის მზრუნველობის წყალობით ჩაიბარა ფოტომოდელმა მარია კარფანიამ მინისტრის პორტფელი, სტომატოლოგი ნიკოლ მანეტი კი ლომბარდიის პარლამენტის დეპუტატი გახდა. 86 წლის ბერლუსკონის ბოლო საყვარელი მისივე პარტიის „წინ, იტალიის“ დეპუტატი, 33 წლის მარტა ფაშინა გახდა.
* * *
ლეიკემიით დაავადებული სილვიო ბერლუსკონი 2023 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა მილანში, სან რაფაელოს ჰოსპიტალში. სასიკვდილო დიაგნოზი პოლიტიკოსს რამდენიმე თვით ადრე დაუსვეს და მართალია, ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაუტარდა, მაგრამ მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.
2020 წლის სექტემბერში ყოფილი პრემიერი COVID-19-ით დასნეულდა, რომელმაც არა მხოლოდ ორმხრივი პნევმონია, არამედ არითმიაც გამოიწვია. გამოჯანმრთელებულმა ბერლუსკონიმ ავადმყოფობას ცხოვრების ყველაზე მძიმე გამოცდა უწოდა, რომელიც წარმატებით დაძლია, თუმცა, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ სწორედ ვირუსმა გამოიწვია ჯერ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, მერე კი, ლეიკემია, რომლის დაძლევა 87 წლის ბერლუსკონიმ ვეღარ შეძლო.