გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარებას გმობს, - ამის შესახებ განცხადება გაერო-ს პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა გაავრცელა.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების მიხედვით, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგული რჩება“, - განაცხადა გაერო-ს პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა.
გაერო-ს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობას საერთაშორისო სამართლის მიხედვით იურიდიული ძალა არ გააჩნია.
შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. „არჩევნები“ მიმდინარეობს ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კიევმა მოუწოდა უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან იძულებულნი არიან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, „არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „ფსევდოარჩევნებში“.