12 წლის გოგოს, ანა იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებიდან 1 წლის თავზე სახალხო დამცველის აპარატმა დასკვნა შეადგინა, რომლის ასლიც გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და იურისტებს გაუგზავნა. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ანის ფრჩხილში არსებული თმის 3 სმ სიგრძის ღერი დაიკარგა, რომლის არსებობაც გარდაცვალების დღეს გადაღებული ფოტოთი დასტურდება. ამასთან, შენახვის პირობების დაუცველობის გამო, დაზიანდა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევითაც, იურისტების თქმით, შესაძლოა, გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი დადასტურებულიყო. ლევან იოსელიანმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და საქართველოს გენერალურ პროკურორს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების გონივრულ ვადებში ჩატარების წინადადებით მიმართა.