საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან გამართა. მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე დღის წესრიგი განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მხარეები მიესალმნენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. ამერიკულმა მხარემ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. ამ კონტექსტში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა განიხილეს.