ქართული ოცნება ე.წ ვეტინგთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლის. ხელისუფლებაში აცხადებენ რომ ეს სტანდარტი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. საპასუხოდ, ოპოზიციაში აცხადებენ რომ სასამართლო სისტემის გამჭვირვალობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამავე თემაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. ორგანიზაციის განმარტებით, ბოლო პერიოდში უმაღლესი თანამდებობის პირების რიტორიკა იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ევროკომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს. ორგანიზაციაში განსაკუთრებულ აქცენტს მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობაზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით პრობლემების მოგვარება ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კრიტიკას ხელისუფლება კრიტიკითვე პასუხობს და პირველ რიგში, საკუთარი დაფინანსების გასაჯაროვებისაკენ მოუწოდებს.