* ევა პერონი -
მართალია, არგენტინის პრეზიდენტის ხუან პერონის მეუღლეს თავისუფლად შეეძლო ყველაფრით უზრუნველყოფილი, უდარდელი ცხოვრების მოწყობა, მაგრამ ფუფუნებასა და დროსტარებას ევა პერონმა ღატაკთა დახმარება, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ამჯობინა და საარჩევნო უფლებაც მოიპოვა არგენტინელი ქალბატონებისთვის.
* * *
მარია ევა იბარგურენი, რომელიც 1919 წლის 7 მაისს დაიბადა ბუენოს-აირესის პროვინციაში, ლოს-ტოლდოსის მცირე დასახლებაში, ადგილობრივი ფერმერის ხუან დუარტესა და მისი მოსამსახურის ხუანა იბარგურენის მეხუთე და უკანასკნელი უკანონო შვილი გახდა. სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს მიკუთნებული, აბსოლუტურად შეუფერებელი წყვილის მეზალიანსს ანუ უთანასწორო ურთიერთობას ბევრი კიცხავდა და დიდ მკრეხელობად მიიჩნევდა, რამაც დონ ხუანს ევას დაბადების შემდეგ ოჯახს და კანონიერ მეუღლეს დაბრუნება აიძულა.
1926 წელს დუარტე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. რა თქმა უნდა, ყოფილი საყვარლის დაკრძალვას დასწრება დონა ხუანამაც მოინდომა, თუმცა მხოლოდ გრანდიოზული სკანდალი გამოიწვია, რადგან ხუთ შვილთან ერთად ეკლესიაში მისულს ჯერ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მერე კი, ტაძრიდან გააძევეს.
მოგვიანებით, დუარტეს კანონიერმა მემკვიდრეებმა, რომლებიც სრულად დაეპატრონნენ მამის ქონებას, ხუანას სახლის დატოვება აიძულეს, რადგან არა მხოლოდ მამის სახლში ცხოვრების, არამედ მის კუთვნილ მიწაზე გაჩერების უფლებაც არ ჰქონდა. ხუთ შვილთან ერთად უსახლკაროდ დარჩენილმა ხუანამ ლოს-ტოლდოსის დასახლების ყველაზე ღატაკ კვარტალს, ნახევრად დანგრეულ ქოხს შეაფარა თავი და კერვას შეუდგა, რადგან მარტოს მოუწია ხუთი შვილის აღზრდა.
სიღატაკისა და სირთულეების მიუხედავად, მხარდაჭერის გარეშე დარჩენილმა ხუანამ მაინც შეძლო შვილების ფეხზე დაყენება. უფროსი ბიჭი სამხედრო სამსახურში ჩაირიცხა, სამი ქალიშვილი კი წარმატებით გათხოვდა და მხოლოდ მარია ევას შეექმნა პრობლემები, რადგან არა გათხოვებაზე, არამედ მსახიობობაზე ოცნებობდა.
* * *
ოცნების ასრულების და მსახიობის კარიერის გაკეთების იმედით 15 წლის მარია ევა ბუენოს-აირესში გაემგზავრა, სადაც კომიკოსთა დასს შეუერთდა ცნობილი მსახიობის ევა ფრანსის ხელმძღვანელობით. „ძალიან ადრე დავტოვე სახლი და მშობლიური ქალაქი, დამოუკიდებლად ცხოვრება მინდოდა და სურვილი ავისრულე, ყოველთვის მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ვიყავი და არავის დახმარებას არ ველოდი“, - აღნიშნა მოგვიანებით პერონმა.
ევა დუარტეს დებიუტი, რომელმაც მამის გვარი აქცია სცენურ ფსევდონიმად, 1935 წლის 28 მარტს შედგა ეპიზოდური როლით ვოდევილში. წარმატებული დებიუტი პრესაშიც აღინიშნა, კრიტიკოსებმა ახალბედა მსახიობს ნიჭი დაუფასეს, თუმცა გარეგნობა დაუწუნეს. „თვითნაბადი ტალანტი აქვს, თუმცა ძალიან გაუჭირდება მისი გარეგნობის პატრონს პოპულარობის მოპოვება“, - შენიშნეს კრიტიკოსებმა, რითაც ერთის მხრივ, გაანაწყენეს დამწყები მსახიობი, თუმცა მეორეს მხრივ, ერთგვარი მოტივაცია შესძინეს წინსვლისა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისთვის.
1937 წელს ევამ არმანდო დისეპოლო გაიცნო, რომელიც იმ პერიოდში წამყვან არგენტინელ რეჟისორად ითვლებოდა. დუარტე ერთდროულად მუშაობდა კინოში, თეატრსა და რადიოში, რომლის წყალობითაც არგენტინელების განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა, რადგან სწორედ მისი ხმა ისმოდა ყველა სახლის რადიოდან.
* * *
გარდამტეხი ევასთვის 1944 წლის 15 იანვარი აღმოჩნდა, როცა არგენტინაში მიწისძვრა მოხდა. უძლიერესმა მიწის ბიძგებმა ნანგრევებად აქცია ქალაქი სან-ხუანი, 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათასი კი, საცხოვრებლის გარეშე დარჩა. სწორედ მაშინ გამოიჩინა თავი პოლკოვნიკმა ხუან დომინგო პერონმა, რომელიც იმ პერიოდში მხოლოდ შრომის საბჭოს ხელმძღვანელობდა და ნაკლებად ცდილობდა სახელის გაკეთებას. მართალია, პერონს არგენტინელები საერთოდ არ იცნობდნენ, მაგრამ ენთუზიაზმისა და აქტიურობის წყალობით, როცა საკუთარ თავზე აიღო დაზარალებულთა დახმარების მასშტაბური კამპანიის ხელმძღვანელობა, სწრაფად დაიმსახურა მოსახლეობის პატივისცემა.
საკუთარ კამპანიაში პერონმა ცნობილი ვარსკვლავები მიიწვია, რომელთაც ფინანსების შეგროვება დაევალათ დაზარალებულთათვის. ვარსკვლავებს შორის აღმოჩნდა ევა დუარტეც, რომელმაც მომავალი მეუღლე და ქვეყნის პრეზიდენტი ტრაგედიის მსხვერპლთა დასახმარებლად მოწყობილ საქველმოქმედო წვეულებაზე გაიცნო. მართალია, პერონი 25 წლით უფროსი აღმოჩნდა ევაზე, მაგრამ ასაკობრივმა სხვაობამ ნაკლებად იმოქმედა მათ ურთიერთობაზე.
* * *
1940-იანმა წლებმა სერიოზული ცვლილებები მოიტანა არგენტინის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1943 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლება სამხედროებმა ჩაიბარეს, მართალია, გაძლიერდა პერონის პოპულარობა და ავტორიტეტი, მაგრამ ურთიერთობა გაუფუჭდა ოფიცერთა ელიტასთან. სამხედროებმა ერთგვარი პროვოკაცია მოუწყვეს ძლიერ კონკურენტს და დააპატიმრეს, თუმცა არგენტინელების მასობრივმა გამოსვლებმა სამხედროებს უკან დახევა და პერონის გათავისუფლება აიძულა, რომელმაც საპატიმროს დატოვებიდან რამდენიმე თვეში გააფორმა განქორწინება პირველ მეუღლესთან და ევა დუარტეზე იქორწინა, 1946 წელს კი, არგენტინელთა უმრავლესობის მხარდაჭერით ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი ჩაიბარა.
* * *
„არ ვთვლი, რომ გამიმართლა, რადგან ნებისმიერს შეეძლო გამხდარიყო პრეზიდენტის ცოლი. ჩემთვის ამგვარი სტატუსი მხოლოდ მორიგი როლი აღმოჩნდა, რომელსაც სიამოვნებით ვასრულებდი. ვიმოსებოდი სადღესასწაულოდ, ვსტუმრობდი წვეულებებს და ვიღებდი ქათინაურებს, ერთი სიტყვით საკუთარი თავი ისევ თეატრის სცენაზე მეგონა, რადგან ზუსტად იმავეს ვაკეთებდი რასაც მანამდეც, თუმცა ცოტა განსხვავებულად“, - ხშირად იმეორებდა ევა პერონი, რომელმაც არ მოინდომა მხოლოდ პრეზიდენტის თავმდაბალი მეუღლის როლში დარჩენა, მით უფრო, რომ როგორც თავად აღნიშნა, „მის ცნობიერებაში ყოველთვის ორი პიროვნება - ევა და ევიტა ებრძოდა ერთმანეთს“.
აღსანიშნავია, რომ ევიტა პერონს ე.წ. „უპერანგოებმა“ ანუ დაბალი სოციალური ფენის ღატაკებმა შეარქვეს, რომელთაც მისი მეუღლის ელექტორატის ნახევარზე მეტი შეადგინეს. სწორედ მათთვის იქცა პირველი ლედი ნამდვილ კერპად, რომელიც გულწრფელად უყვარდათ და ეთაყვანებოდნენ. ხალხის სიყვარული იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ პირველი ოფიციალური ფოტოსთვის არგენტინის პრეზიდენტი მეუღლესთან პოზირებდა, რაც საუკეთესო რეკლამა აღმოჩნდა მისთვის.
* * *
პირველი ლედის „პოსტზე“ აქტიური და ენერგიული ევიტა ყოველ დილას რიგით არგენტინელებს ხვდებოდა, რომლებიც საკუთარი წუხილითა და პრობლემებით მიმართავდნენ დახმარებისთვის. დღის მეორე ნახევარში პროფკავშირებთან აწყობდა შეხვედრებს, საღამოს კი, ოფიციალურ ღონისძიებებს სტუმრობდა.
„მუშაობას ადრიან დილას იწყებს საკუთარ ოფისში და დღის 4 საათამდე მუშაობს შესვენების გარეშე, მერე ერთსაათიან პაუზას აწყობს და ისევ საქმეს უბრუნდება გამთენიამდე. ამასთანავე, ყოველ საღამოს პრეზიდენტ პერონთან ერთად მართავს ოფიციალურ შეხვედრებს, სადაც არგენტინისთვის მნიშვნელოვან თემებს განიხილავს“, - სწორედ ასე აღწერა ევიტას სამუშაო დღე გაზეთმა Democracia-მ 1950 წლის 19 მაისის გამოშვებაში.
* * *
1947 წელს ევიტამ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მოიპოვა არგენტინელი ქალბატონებისთვის. ბრძანებას ხუან პერონმა მოაწერა ხელი საზეიმო ცერემონიაზე, ოფიციალური დოკუმენტი კი, სიმბოლურად გადასცა მეუღლეს. მართალია, მომხრეები პერონს ევიტას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნას ურჩევდნენ, მაგრამ პრეზიდენტმა უარი განაცხადა, რადგან ჩათვალა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება კონსერვატორულად განწყობილი სამხედრო ელიტის უკმაყოფილებას გამოიწვევდა, თუმცა „ნაციის სულიერი ლიდერის“ ტიტული მაინც მიანიჭა მეუღლეს.
1948 წელს ევიტამ, რომელმაც ადრეული ასაკიდანვე კარგად იცოდა, რას ნიშნავდა სიღატაკე, საკუთარი ფონდი დააარსა ნაკლებად შეძლებულთა დასახმარებლად. რამდენიმე წელიწადში ორგანიზაციამ, რომელმაც 16 ათასამდე თანამშრომელი გააერთიანა, არა მხოლოდ მასიური მშენებლობა წამოიწყო ღატაკთა დაბინავებისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შესაქმნელად, არამედ 30 საავადმყოფო, 20 სკოლა და საბავშვო ბაღი ააშენა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ამასთანავე, ევიტა ყოველთვის ინტენსიურად ხვდებოდა სნეულებს, უსახლკაროებს და გულწრფელ თანაგრძნობას გამოხატავდა მათ მიმართ, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი პოპულარობა.
თუმცა, უმრავლესობის მხარდაჭერა პირველმა ლედიმ მაინც ვერ მოიპოვა. მეტიც, არგენტინაში ყოველთვის მრავლად იყვნენ ანტიპერონისტები, რომლებიც მის პოლიტიკას დემაგოგიასა და ფაშიზმთან აიგივებდნენ, ევიტას კი, მხოლოდ დიქტატორის კაპრიზულ მეუღლედ მიიჩნევდნენ, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა 1955 წელს, ხუან პერონი მორიგ სახელმწიფო გადატრიალებას ემსხვერპლა.
* * *
1950 წელს მედიკოსებმა ევიტას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რომლის მკურნალობა შეუძლებელი აღმოჩნდა. მართალია, პერონი ძლიერ პრეპარატებს იღებდა, მაგრამ ავადმყოფობა მაინც სწრაფად განვითარდა, ტკივილი კი, აუტანელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ლედის ავადმყოფობამ და მკურნალობის მეთოდმა თანამედროვე სპეციალისტების სერიოზული ეჭვი გამოიწვია. იელის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ნეიროქირურგის დენიელ ნიჯენსონის მტკიცებით, ევიტამ პრეფრონტალური ლობოტომია გადაიტანა. მსგავსი დასკვნა პროფესორმა მისი თავის ქალის სკანირებისა და რენტგენის სურათების შესწავლის შემდეგ გააკეთა, რომელზეც ნათლად გამოჩნდა ბურღით გაკეთებული ნაპრალის კვალი პირველი ლედის თავის ქალაზე. აღსანიშნავია, რომ 1950-1960-იან წლებში პრეფრონტალური ლობოტომია მეტწილად აგრესიული და ზედმეტად აქტიური პაციენტების დაშოშმინებისთვის გამოიყენებოდა ფსიქიატრიულ კლინიკებში.
ისტორიკოსების მტკიცებით, 1950-იან წლებში ევიტას ძალიან გაურთულდა ურთიერთობა მეუღლესთან, რადგან ერთის მხრივ, სერიოზულ კონკურენციას უწევდა, მეორეს მხრივ, კატეგორიულად არ იზიარებდა მის პროამერიკულ შეხედულებებს. მეტიც, პირველი ლედი, რომელსაც ბევრი იმპულსურ, სასტიკ და შურისმაძიებელ ქალბატონად ახასიათებდა, მეუღლეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგრამის გამო აკრიტიკებდა, არგენტინელებს კი, ოლიგარქიისა და „ქვეყნის მტრების“ წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა. ამბობენ, თითქოს მეუღლისგან ფარულად ევიტამ 5 ათასი ავტომატი და 1 500 პისტოლეტი შეიძინა სახალხო აჯანყების მოსაწყობად, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი სისასტიკე და შეუწყნარებლობა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მტრებად მიიჩნევდა.
ნიჯენსონის ვარაუდით, ლობოტომია პირველ ლედის მკაცრად გასაიდუმლოებულ პირობებში ჩაუტარა ცნობილმა ამერიკელმა ნეიროქირურგმა ჯეიმს პოპენმა. სწორედ ოპერაციის შემდეგ თქვა უარი პერონმა საკვების მიღებაზე, რამაც ჯერ საერთო მდგომარეობის დამძიმება, ბოლოს კი, გარდაცვალება გამოიწვია.
* * *
ევა პერონი 1952 წლის 26 ივლისს გარდაიცვალა 33 წლის ასაკში. სამგლოვიარო ცერემონიაზე 2 მილიონმა არგენტინელმა მოიყარა თავი, რამაც სერიოზული არეულობა გამოიწვია და 8 ადამიანი იმსხვერპლა, დაზარალებულთა რიცხვმა კი, 2 ათასს გადააჭარბა. თუმცა, გარდაცვალებით ევიტას ისტორია არ დასრულდა, რადგან სწორედ მაშინ დაიწყო მისი ცხედრის ჯერ იტალიაში, მერე ესპანეთში „მოგზაურობა“, რაც მთელი 24 წელი გაგრძელდა.
მშობლიურ არგენტინას ყოფილი პირველი ლედი მხოლოდ 1976 წელს დაუბრუნდა, ხუან პერონის მეუღლის იზაბელას განკარგულებით, რომელიც 1973 წელს, პერონის პრეზიდენტის პოსტზე მეორედ არჩევის შემდეგ ჯერ ვიცე-პრეზიდენტი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. აღსანიშნავია, რომ 1970-იან წლებში ევიტას ისევ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა არგენტინაში, რამაც ქვეყნის ხელისუფლებას საკუთარი პოზიციების გამყარების მიზნით მისი ცხედრის სამშობლოში დაბრუნება აიძულა.
ევიტა 1976 წელს დაიკრძალა ბუენოს-აირესში. მისი საფლავი, დღესაც ერთგვარ ღირსშესანიშნაობად ითვლება, რომლის ნახვას არგენტინელებთან ერთად ცნობისმოყვარე უცხოელებიც მასიურად ცდილობენ.