* Spice Girls –
1996 წლის 8 ივლისს ბრიტანულ ჩარტში Spice Girls-ის სადებიუტო სინგლი Wannabe გაჟღერდა, რომელმაც მელომანების მოწონება დაიმსახურა და ფენომენალური პოპულარობა მოუტანა გოგონების კვინტეტს. ხანმოკლე, თუმცა მეტად დინამიური კარიერის მანძილზე, რომელიც მხოლოდ ექვსი წელი გაგრძელდა, Spice Girls-მა ჯერ ბრიტანული, მერე მსოფლიო შოუბიზნესი დაიპყრო, 80 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა და ჯგუფ-ბესტსელერის სტატუსი შეიძინა.
* * *
1990-იანი წლების დასაწყისში პოპ-მუსიკაში მეტწილად ბოის-ბენდები ლიდერობდნენ. სწორედ სუპერპოპულარული Take That-ისა და East 17-ის საპირწონედ ჩაიფიქრეს მუსიკალურმა პროდიუსერებმა ბობ და კრის ჰერბერტებმა კომპანიიდან Heart Management-დან, გოგონების ჯგუფის შექმნა, რომელიც ერთგვარი ალტერნატივა გახდებოდა და ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა მამაკაცებს.
ვოკალისტების შერჩევა ჰერბერტებმა გაზეთ stages-ში გამოქვეყნებული განცხადებით სცადეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პროდიუსერები „ახალ მუსიკალურ ჯგუფში იწვევდნენ ხალისიან და ამბიციურ გოგონებს სიმღერისა და ცეკვის ნიჭით“. ქასთინგზე 400-ზე მეტი კანდიდატი გამოცხადდა, თუმცა რამდენიმე ეტაპად ჩატარებულ კონკურსს, მხოლოდ 12 გაუძლო.
* * *
საბოლოოდ ახლად შექმნილ ჯგუფში, რომელმაც Touch-ის სახელი შეიძინა და სადებიუტო კომპოზიციების დემოვერსიებიც ჩაწერა, ვიქტორია ადამსი, მელანი ჩისჰოლმი, მელანი ბრაუნი და მიშელ სტივენსონი გაერთიანდნენ. მართალია, ჯერი ჰოლიუელმა ვერ შეძლო ქასთინგში მონაწილეობა, მაგრამ ისე მოხიბლა პროდიუსერები საკუთარი ვოკალური შესაძლებლობებით, რომ კონკურსის გარეშე მოიპოვა ჯგუფში ადგილი.
ერთი შეხედვით იდეალურ ჯგუფს, რომლის შემადგენლობით პირველ რიგში პროდიუსერები ამაყობდნენ, მომქანცველი რეპეტიციების, ვოკალის გაკვეთილებისა და სპორტულ დარბაზში ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ მიშელ სტივენსონი გამოაკლდა, რომელიც არ აღმოჩნდა მზად მსგავსი დატვირთვისთვის, მისი ადგილი კი, ემა ბანტონმა დაიკავა.
* * *
Spice-ის სახელი ჯგუფს, რომელსაც მანამდე Touch ერქვა, ჯერი ჰოლიუელის ინიციატივით დაერქვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ანალოგიური ფსევდონიმით ირლანდიელი რეპერი მუზიცირებდა, რამაც პროდიუსერებს მისი ოდნავ შეცვლა და გოგონების კოლექტივს მორგება აიძულა.
* * *
სამყარომ Spice Girs 1996 წელს გაიცნო სინგლით Wannabe. ამბობენ, თითქოს კომპოზიცია რამდენიმე საათში შეიქმნა ჯგუფის წევრების გაერთიანებით კომპოზიტორებთან მეტ როუსა და რიჩარდ სტენარდთან. „კრეატივის მოულოდნელი აფეთქება!“ - სწორედ ასე უწოდა მელ ბიმ სიმღერის შექმნის პროცესს, რომელიც იმავე დღეს ჩაიწერა.
თავიდან არავის სჯეროდა, რომ კომპოზიცია პოპულარობას მოიპოვებდა, მეტიც, ხმისჩამწერ კომპანიას საერთოდ არ უნდოდა მისი პირველ სინგლად გამოშვება, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად Wannabe-მ ჯერ 37 ქვეყანაში მოიპოვა ჩარტის ლიდერობა, მოგვიანებით კი, გოგონების კოლექტივის ყველაზე ცნობად და გაყიდვად სინგლად იქცა პოპ-მუსიკის ისტორიაში.
„ქალების ძალა და სოლიდარობა, ქალური მეგობრობა, რომელიც ბოიფრენდთან მეგობრობაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის რწმენა და კარგად გართობის სურვილი - სწორედ ამგვარ ფილოსოფიას უწევდა პროპაგანდას ჩვენი სიმღერა და შესაძლოა ამიტომაც მოიპოვა პოპულარობა“, - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ვიქტორია ადამსმა.
მოგვიანებით, სიმღერით შეგულიანებული მომღერლები მეტად ხმამაღალი და პრეტენზიული დევიზით - Girl Power! წარდგნენ პუბლიკის წინაშე, რომელიც ერთგვარ ფემინისტურ საპროტესტო მანიფესტად იქცა, რადგან სწორედ ასე გამოხატეს გოგონებმა საკუთარი სოციალური პოზიცია და საზოგადოებას ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას შეჰპირდნენ, თუმცა კრიტიკოსებმა დევიზიც და განცხადებაც კარგად მოფიქრებულ პიარ-სვლად ჩათვალეს, რადგან სინამდვილეში Spice Girls-ის წევრებს არც ფემინისტურ მოძრაობასთან, არც მის აქტივისტებთან არაფერი ჰქონდათ საერთო.
* * *
ზედმეტად თამამი შეხვედრა ჰქონდათ Spice Girs-ის წევრებს პრინც ჩარლთანაც, როცა მათი უშუალობა და ხალისიანი განწყობა, პრესამ თავხედობად და ვულგარულ ქცევად შეაფასა, მით უფრო, რომ შეხვედრის დასასრულს ჯერი ჰოლიუელმა ღიმილით გამოუცხადა პრინცს რომ „ყველაზე სექსუალურ მამაკაცად თვლიდა“, ემი ბანტონმა კი, ქათინაურებს კოცნა და ჩახუტება ამჯობინა. რამდენიმე წლის შემდეგ ჰოლიუელი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ჩარლზის გარემოცვაში, როცა სიმღერით მიულოცა დაბადების დღე.
* * *
Spice Girls, რომელმაც 6-წლიანი არსებობის მანძილზე მხოლოდ სამი ალბომი გამოუშვა, დღემდე მარკეტინგულ საოცრებად ითვლება. მართალია, ჯგუფს არასდროს ჰქონია შედევრები, მაგრამ პროდიუსერებმა ზუსტად გათვალეს პუბლიკის, მეტწილად ახალგაზრდა მელომანების მოთხოვნილებები და სწორედ მათ მოარგეს გოგონების ჯგუფი, რადგან Spice Girls-ის თითოეულ წევრს მკაცრად განსაზღვრული იმიჯი ჰქონდა, რომელიც გარკვეულ ტიპაჟთან ასოცირდებოდა და რომლის მიბაძვას მილიონობით მოზარდი ცდილობდა.
* * *
1998 წელს ყველასთვის მოულოდნელად ჯგუფი ჯერი ჰოლიუელმა დატოვა, რომელმც დამოუკიდებლდ მუშაობა და სოლო კარიერის გაკეთება გადაწყვიტა. მართალია, ჰოლიუელი ირწმუნებოდა, რომ მეგობრებმა კარგად იცოდნენ მისი გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ ბრიტანული ტელევიზიის ერთ-ერთ შოუში, რომელშიც Spice Girls მის გარეშე მონაწილეობდა, გოგონებმა იცრუეს, თითქოს ჰოლიუელი ავად იყო, რადგან არავის სჯეროდა, რომ პოპულარობის პიკზე მოინდომებდა ჯგუფის დატოვებას.
მართალია, 2000 წელს Spice Girls ოფიციალურად დაიშალა, მაგრამ პერიოდულად მაინც ვრცელდებოდა ხმები ჯგუფის აღდგენისა და ერთგვარი რებრენდინგის შესახებ. 2007 წელს Spice Girls-ის წევრები მართლაც გაერთიანდნენ Victoria's Secret-ის შოუზე, მოგვიანებით კი, საუკეთესო ჰიტების ალბომი გამოუშვეს, თუმცა მალევე დაიშალნენ. მორიგი კოლაბორაცია შედგა 2012 წელს ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვასა და 2019 წელს, როცა მომღერლებმა ვიქტორია ადამსის გარეშე მოაწყვეს მასშტაბური ტურნე ბრიტანეთში.