ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ფინეთის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები.
„კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. ქვეყნებს შორის ბიზნეს კავშირების განმტკიცების მიზნით, ყურადღება გამახვილდა „ქართულ-ფინური ბიზნეს ფორუმის“ მნიშვნელობაზე.
მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ფინეთს შორის არსებულ პოლიტიკურ დიალოგს.
ამასთან, ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების შემდგომი გაცვლის აუცილებლობას.
პოზიტიური შეფასება მიეცა სკანდინავიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობას და ხაზი გაესვა ამ მხრივ არსებული ფორმატების ეფექტური გამოყენების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრეს. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების შედეგია. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით წევრი ქვეყნების, მათ შორის, ფინეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
საქართველოს პირველმა დიპლომატმა ფინურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას და ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის და პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა.
მინისტრმა კოლეგა მისთვის ხელსაყრელ დროს ვიზიტით საქართველოში მოიწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.