ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა. მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ის ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს. გამოცემის ცნობით, დავით კეზერაშვილი მოითხოვს, შეგროვდეს და გადაეცეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვიზაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.