ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული გემი კვიპროსიდან ღაზის სექტორისკენ გაემართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის მიერ ორგანიზებულ მისიას ძირითადად არაბთა გაერთიანებული საამიროები აფინანსებს, ხოლო გემი ესპანურმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Proactiva Open Arms-მა უზრუნველყო.
ლარნაკის პორტიდან გასულ 200 ტონა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ გემს საკვები, წყალი და მედიკამენტები გადააქვს.
საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ადგილზე პორტის ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ჰუმანიტარული დახმარების ღაზაში შესატანად დანგრეული შენობების მასალების მეშვეობით ხელოვნური ნავსადგური აშენდება.
ოფიციალური პირების ცნობით, მძიმე ტვირთის გამო გემს ღაზამდე მისაღწევად შესაძლოა ორი დღე დასჭირდეს.