საგანგაშო მაჩვენებელი - მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს, ხოლო მოზარდების 31%-ს აქვს აზარტულ თამაშებთან შეხების გამოცდილება. ამის შესახებ დასკვნას მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე პარლამენტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი აქვეყნებს. დასკვნაში 2022 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებია ასახული.
კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და საქართველოს ყველა დიდი მუნიციპალიტეტი მოიცვა. მასში მონაწილეობა 14-დან 18 წლამდე ასაკის 1 007-მა მოზარდმა მიიღო. კვლევაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით საყურადღებო და საგანგაშოა ე. წ. ხელზე თამაშის გამოცდილების მქონე მოზარდთა წილის მაჩვენებელი, რადგან ე. წ. ხელზე თამაშის შემთხვევაში, თანხების ამოღება, ხდება „ქუჩის ავტორიტეტების“ მონაწილეობით. ეს პრობლემა უფრო აქტუალურია რეგიონებში,“ - ვკითხულობთ დასკვნაში.