ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანეს. მათი მთავარი დავალებაა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მაქსიმალური უსაფრთხოება დაიცვან. შესაბამისი ბრძანება დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წოდებულმა პრეზიდენტმა, 11 მარტს გასცა. ოსური მედიის ცნობით, ალან გაგლოევთან გაფართოებულ შეხვედრას ყველა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი ესწრებოდა. ე.წ. პრეზიდენტმა მოსახლეობას კენჭისყრაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. გაგლოევის მიერ გამართულ საგანგებო თათბირზე ცნობილი გახდა ისიც, რომ დღეს, 12:00 საათზე, ცხინვალში, პუტინის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართება. ე.წ ხელისუფლება მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისა და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები სამი დღის განმავლობაში 15-იდან 17 მარტის ჩათვლით ჩატარდება.