ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი დარწმუნებულია, რომ თუ ნატო-ს ჯარები უკრაინას დახმარებას უშუალოდ მის ტერიტორიაზე გაუწევენ, ეს არცერთ საერთაშორისო ნორმას არ დაარღვევს. მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია მკაფიოდ განვასხვავოთ საბრძოლო ჯარების განლაგება და ჯარების შესაძლო ჩართვა გარკვეულ მხარდამჭერ საქმიანობაში, რომლის გამოცდილება ნატო-ს უკვე აქვს. მისივე თქმით, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების თვალსაზრისით, ნატო-ს წევრი ქვეყნების ჯარებს, უკრაინის დახმარებაში ხელს არაფერი შეუშლის. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ნატო-ს ჯარების ჩართვას უკრაინის დახმარებაში მისსავე ტერიტორიაზე, პაველმა უპასუხა, რომ დისკუსიას არც ამ საკითხზე გამორიცხავს.