გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მესამედ გაიტანა და „მეცს“ „კლერმონთან“ გამარჯვებაში დაეხმარა - მატჩი მიქაუტაძის გუნდის მოგებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
ლიგა 1-ის 25-ე ტურის შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. ქართველი თავდამსხმელის გუნდი 20 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო „კლერმონი“ მას სამი ქულით ჩამორჩებოდა და აუტსაიდერების უშუალო შეხვედრის შედეგს სატურნირო კუთხით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
აღნიშნულ დაპირისპირებაში „მეცი“ მეტად აქტიური იყო და პირველ ტაიმში დაწინაურება 32-ე წუთზევე შეძლო. სტუმართა კარში დანიშნული პენალტი გიორგი მიქაუტაძემ უზადოდ შეასრულა და მასპინძლებმა შესვენებამდე უპირატესობა მოიპოვეს.
„მეცმა“ აღნიშნული უპირატესობა შეინარჩუნა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა. მართალია, გუნდი ისევ მე-17 ადგილზე დარჩა, მაგრამ „კლერმონთან“ სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა და გავარდნის ზონიდან თავის დასაღწევად კარგი შანსი მიეცა. გიორგი მიქაუტაძეს კი მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი დაუგროვდა.