მმართველი პარტიის განცხადებით, კანონპროექტი რომელიც მათივე თქმით, საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაიცავს, ბოლომდე იქნება მიყვანილი. მმართველი ძალის ლიდერების თქმით, ნებისმიერი არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდირება არის ის საკითხი, რომელიც საქართველოს ბევრ მოქალაქეს აწუხებს. ქართული ოცნება ოპონენტებს მოუწოდებს, გახმოვანებულ ინიციატიოვაზე საკუთარი შეხედულება ნათლად და მკაფიოდ დააფიქსირონ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით კი ქართული ოცნების მიერ დაწყებული პროცესი საზოგადოების რეალურ პრობლემას არ გამოხატავს, ამიტომ არ აპირებენ საკითხზე სიღრმისეული მსჯელობის გამართვას.
მასშტაბური სტიქია ინდონეზიაში - ქვეყნის დასავლეთით, სუმატრას პროვინციაში, გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერსა და წყალდიდობას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. მედიის ცნობით, სტიქიის ზონიდან უკვე მოხდა 70 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. სამაშველო სამსახურები ამ დრომდე დაკარგულ მოქალაქეებს ეძებენ. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, სახლები და სკოლები.