აშშ ღაზის სანაპიროზე პორტის აშენებას გეგმავს, რათა ზღვის გავლით ღაზის სექტორისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი. ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, საკითხზე ჯო ბაიდენი კონგრესში დაგეგმილ ყოველწლიურ მიმართვაში ისაუბრებს. მათივე ცნობით, სიტყვით გამოსვლისას ბაიდენი განაცხადებს, რომ სამხედროებს, ღაზაში პორტის შესაქმნელად, გადაუდებელი მისიის განხორციელება დაავალა. ოფიციალური პირების თქმით, სამუშაოების დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. ამასთან, პირველადი გადაზიდვები კვიპროსის გავლით განხორციელდება, უსაფრთხოების საკითხები კი ისრაელთან იქნება კოორდინირებული.