ოდესის დაბომბვის დროს ოკუპანტების გაშვებული რაკეტა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის ადგილმდებარეობიდან სულ რაღაც 500 მეტრში ჩამოვარდა. ტელეკომოპანია CNN-ის განცხადებით, იმის ალბათობაც არსებობდა, რომ დაბომბვის დროს საბერძნეთისა და უკრაინის ლიდერები დაღუპულიყვნენ. უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა, დმიტრო პლეტენჩუკმა CNN-ს განუცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა, ოდესაში მყოფი ლიდერები კი, არ დაშავებულან. მოგვიანებით მედიასთან საუბრისას მიცოტაკისმა განაცხადა, რომ მსოფლიომ რუსეთის სახე კიდევ ერთხელ იხილა და ომი არამხოლოდ ჯარისკაცებზე მოქმედებს, არამედ, ის უდანაშაულო რიგით მოქალაქეებსაც ეხება.