ავტომობილის ხილულ გამონაბოლქვზე 6 თვეში 4 099 პირი დაჯარიმდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ. კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 მარტის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ყველაზე მეტი 1 895 ჯარიმა, თბილისში გამოიწერა, ჯარიმების რაოდენობით მეორე ადგილზეა ქუთაისი, შემდეგ ბათუმი და ბოლოს რუსთავი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 4 099 სამართალდამრღვევიდან, 3 528 - ფიზიკური პირია, ხოლო 571 - იურიდიული პირი. აღსანიშნავია, რომ 2 437 ჯარიმა მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს დაეკისრათ, 1 449 - მიკროავტობუსის, 212 - სატვირთო ავტომობილის და 1- ავტობუსის მძღოლს. აღსანიშნავია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარს შეადგენს. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა, 20%-ით შეუმცირდება.