მიუხედავად იმისა, რომ წელს ხშირად მოგვსმენია მომხმარებლების უკმაყოფილება სამასპინძლო დაწესებულებებში ხაჭაპურის მაღალ ფასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ ოფიციალური გათვლებით ხაჭაპურის მომზადება წლიურად გაიაფდა კიდეც, თუმცა გაძვირდა წინა თვესთან შედარებით. 2024 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6 ლარი და 83 თეთრი შეადგინა, რაც 3.3%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს. წლიურ ჭრილში კი, ინდექსი 1.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს. როგორც კვლევითმა ორგანიზაციამ ხაჭაპურის ინდექსის დათვლისას აღმოაჩინა, მცირედით, მაგრამ მაინც შარშანდელთან შედარებით შემცირებულია ყველის და ფქვილის ფასი, თუმცა, სხვა ყველა ინგრედიენტის ფასი გაზრდილია და არც თუ მცირედით: კარაქი (+14.8%), რძე (+13.0%), საფუარი (+11.8%), კვერცხი (+4.1%). თებერვალში ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობაზე ფასები თვიურ ჭრილში გაიზარდა: კარაქი (+4,5%), ყველი (+3,9%), ფქვილი (+3,5%), რძე (+3,4%) და კვერცხი (+0,9%). გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ საფუარის ფასი, რომელიც 0.9%-ით შემცირდა. თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად კარაქის ფასი გაიზარდა, რომელსაც თითქმის თანაბარი პროცენტული ცვლილებით მოყვება ყველისა და რძის ფასების ზრდაც. როგორც წესი, წელიწადის ამ პერიოდში აღნიშნული პროდუქტების ფასების ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ადგილობრივი რძის წარმოება მცირდება და მისი ჩანაცვლება იმპორტირებული რძის ფხვნილით, რძით, კარაქით და სხვა რძის პროდუქტებით ხდება. უახლოეს მომავალში, მოსალოდნელია, რომ რძის ფასი სეზონურ ტენდენციას მიყვება და დაიკლებს. აღდგომის დღესასწაულის მოახლოება, კერძოდ კი დიდმარხვის პერიოდი, რომელიც წელს 18 მარტს დაიწყება, რძისა და რძის პროდუქტების ფასების შემცირებას გამოიწვევს, რადგან მარხვის პერიოდში ამ პროდუქტებზე მოთხოვნა, როგორც წესი, დაბალია,“ - ნათქვამია „აისეტის“ ინფორმაციაში.