* აბრაამ ლინკოლნი -
უდიდესი პოლიტიკოსი, რომელმაც სიცოცხლე შესწირა ქვეყნის მთლიანობას და ერის გაერთიანებას, გააუქმა მონობა და მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ღატაკთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად - სწორედ ამგვარი მიღწევების წყალობით შეიძინა შეერთებული შტატების მე-16 პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა ეროვნული გმირის სტატუსი და დაიმსახურა ამერიკელთა პატივისცემა, რომლებიც ათწლეულების შემდეგაც ეთაყვანებიან საყვარელ პრეზიდენტს.
* გაკოტრებული ოჯახი -
აბრაამ ლინკოლნი 1809 წლის 12 თებერვალს დაიბადა კენტუკის შტატის ქალაქ ჰოჯენვილში. მართალია, მისი მამა თომას ლინკოლნი ორ უზარმაზარ ფერმას ფლობდა შინაური პირუტყვით და გამართული მეურნეობით, რისი წყალობით შტატის უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა და ადგილობრივების განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა, მაგრამ 1816 წელს, სერიოზული შეცდომა დაუშვა საკუთრებაზე უფლების გაფორმებისას და მთელი ქონება დაკარგა.
გაკოტრებული ოჯახი ინდიანას შტატში გადასახლდა ახალი მიწების ასათვისებლად. აბრაამი ადრეული ასაკიდანვე შეუდგა ფერმაზე მუშაობას, სკოლას კი, იმდენად იშვიათად სტუმრობდა, რომ დაწყებითი განათლების მიღებაც გაუჭირდა. წერა-კითხვა მომავალმა პრეზიდენტმა დამოუკიდებლად ისწავლა, როცა შემთხვევით ჩაუვარდა ხელში ზღაპრების წიგნი და ილუსტრაციებით მოხიბლულს ჯადოსნური ისტორიების წაკითხვა მოუნდა.
მოზარდი აბრაამი ჯერ ფოსტაში მუშაობდა, მერე ნადირობით ირჩენდა თავს, სრულწლოვანებას მიღწეულმა კი, დამოუკიდებლად გადაწყვიტა ცხოვრება, ილინოისის შტატში გადაბარგდა და აქტიურად შეუდგა მეცადინეობას. ზოგად განათლებასთან ერთად ლინკოლნმა იურისპრუდენციის საფუძვლებიც შეისწავლა, გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი, ადვოკატის ლიცენზია მიიღო.
მართალია, საზრიან აბრაამს, რომელიც თანდაყოლილი გამჭრიახობის წყალობით არაჩვეულებრივად ერკვეოდა იურიდიულ ნიუანსებში, უფროსი კოლეგები ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მან მაინც პოლიტიკოსობა არჩია. სხვათა შორის, ადვოკატის სამწლიანი პრაქტიკის პერიოდში ლინკოლმა 5 ათას სასამართლო პროცესში მიიღო მონაწილეობა, რომელთა უმეტესობა მისი გამარჯვებით დასრულდა.
* პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში -
1832 წელს ინდიელების აჯანყების დროს, რომელთაც არ მოისურვეს მშობლიური მიწების დატოვება და დასავლეთში გადასახლება, ლინკოლნი ახლად შექმნილ სამხედრო ფორმირებას შეუერთდა და რამდენიმე თვეში კაპიტნის წოდება მიიღო, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში არასდროს ჩაბმულა.
1835 წელს ახალგაზრდა ლინკოლნი ილინოისის შტატის საკანონმდებლო საბჭოს შეუერთდა, 1846 წელს კი, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრად აირჩიეს ვიგების პარტიიდან. მართალია, ვაშინგტონში ახალგაზრდა პოლიტიკოსი ნაკლებად ანგარიშგასაწევ ფიგურად ითვლებოდა, მაგრამ აბრაამმა მაინც არ დაიხია უკან და მეტად ხმაურიანი კამპანია წამოიწყო პრეზიდენტ ჯეიმს ნოქს პოლკისა და მექსიკაში გაჩაღებული ომის წინააღმდეგ, რომელიც ამერიკის მხრიდან გაუმართლებელ აგრესიად მიაჩნდა.
* ბრძოლა მონობის წინააღმდეგ -
1858 წელს ლინკოლნმა ამერიკის სენატში სცადა ადგილის დაკავება, თუმცა არჩევნებში დამარცხდა. მისი მთავარი კონკურენტი - დემოკრატი სტივენ დუგლასი აღმოჩნდა, ვისთან გამართულმა დებატებმა ფართო რეზონანსი გამოიწვია, მოგვიანებით კი, ისტორიაში შევიდა, რადგან ლინკოლნმა ერთ-ერთმა პირველმა გაბედა მონათმფლობელობის მწვავე საკითხის საჯაროდ განხილვა. მართალია, მომავალი პრეზიდენტი არასდროს იზიარებდა აბოლიციონისტთა მოთხოვნებს, მაგრამ ყოველთვის თავგამოდებით ებრძოდა მონობას, რადგან შავკანიანთა ჩაგვრა მხოლოდ კანის ფერის გამო, გაუმართლებელ სისასტიკედ და აბსოლუტურ უზნეობად ეჩვენებოდა.
* სამოქალაქო ომი -
სწორედ მონათმფლობელობის ახალ ტერიტორიებზე გავრცელების აღკვეთის მიზნით გახდა ლინკოლნი რესპუბლიკური პარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, 1860 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი მტკიცედ შეუდგა საკუთარი იდეების განხორციელებას. პრეზიდენტის პოლიტიკამ სამხრეთული შტატების წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთაც კონფედერაციის შექმნა გადაწყვიტეს. მართალია, საინაუგურაციო სიტყვაში ლინკოლნმა გაერთიანებისა და ქვეყნის აღმშენებლობისთვის ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა დაპირისპირებულ ამერიკელებს, მაგრამ შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება მაინც ვერ მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ომის დროს, რომელიც მთელი ოთხი (1861-1865) წელი გაგრძელდა, ლინკოლნი პირადად ხელმძღვანელობდა სამხედრო მოქმედებებს. მეტიც, თანამედროვე სამხედრო ექსპერტების შეფასებით, უმძიმესი ბრძოლების მიუხედავად, სწორედ ლინკოლნის მიერ შემუშავებულმა სტრატეგიამ განსაზღვრა კონფედერატებზე საბოლოო გამარჯვება.
* პრეზიდენტი იუმორის გრძნობით -
ამბობენ, თითქოს პრეზიდენტს ბრწყინვალე იუმორის გრძნობა ჰქონდა. სამოქალაქო ომის დროს ჯარისკაცებთან შეხვედრისას, ლინკოლნი ყოველთვის საკუთარი შემართებით, ოპტიმიზმითა და ხუმრობით ამხნევებდა მებრძოლებს, რისი წყალობით უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა არმიაში.
არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა, რომელიც პრეზიდენტის გონებამახვილობისა და ენაწყლიანობის დასტურად შევიდა ამერიკის ისტორიაში. ლეგენდის თანახმად, 1820-იან წლებში, როცა ლინკოლნი ჯერ მხოლოდ ადვოკატად მსახურობდა, მისმა იუმორმა მოსამართლის მდივანი აზარალა, რომელმაც აბრაამის სახუმარო ისტორია მოისმინა, თავი ვერ შეიკავა და მთელი გულით ახარხარდა, რის გამოც ხუთი დოლარით - იმ პერიოდში საკმაოდ სოლიდური თანხით დაჯარიმდა.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მოსამართლის თხოვნით მდივანმა მასაც მოუთხრო ლინკოლნის ისტორია და კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში თავშეუკავებლობისთვის, თუმცა მოსამართლემ, რომელსაც ანალოგიური რეაქცია ჰქონდა, გაბრაზების ნაცვლად ხუთდოლარიანი კუპიურა ამოიღო ჯიბიდან და მდივანს დაუბრუნა.
სხვათა შორის, 2004 წელს, ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, ლინკოლნის გამოსვლების საარქივო მასალის სკანირებისას, 1862 წლით დათარიღებულ კონსპექტში ე.წ. „სმაილიკის“ გრაფიკული ნიშანს - ;) მიაგნეს, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის, სპეციალურად გამოიყენა პრეზიდენტმა პუნქტუაციის ნიშნების ამგვარი კომბინაცია თუ უნებლიე შეცდომა დაუშვა გამოსვლის ტექსტზე მუშაობისას.
* პრეზიდენტის პოსტზე -
მართალია, მმართველობის პერიოდში ბევრი აკრიტიკებდა, მაგრამ დღეს სწორედ აბრაამ ლინკოლნი ითვლება შეერთებული შტატების საუკეთესო პრეზიდენტად, რადგან უზარმაზარი წვლილი შეიტანა ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში. სწორედ ლინკოლნის მმართველობის პერიოდში გაძლიერდა აღმასრულებელი ხელისუფლება და გაუქმდა მონობა ამერიკის მთელ ტერიტორიაზე. ამასთანავე, პრეზიდენტმა ერთ-ერთმა პირველმა გაბედა მტრულად განწყობილი ოპონენტების მთავრობის შემადგენლობაში გაერთიანება, რითაც თანამედროვე ოპოზიციის წინამორბედი შექმნა. მეტიც, ომის დასრულების შემდეგ ე.წ. ზომიერი რეკონსტრუქციის გეგმა შეიმუშავა, რომელიც ეროვნულ თანხმობისა და შურისძიებაზე უარის თქმის ერთგვარ მანიფესტად იქცა.
ბრწყინვალე ორატორული ნიჭით დაჯილდოებული პრეზიდენტი, რომელმაც უამრავი ამერიკელი შთააგონა ქვეყნისა და საერთო საქმისთვის ბრძოლაზე, ჩრდილოელების ნამდვილ კერპად იქცა. გარდა ამისა, სწორედ ლინკოლნის მმართველობის პერიოდში გაიმართა ტრანსკონტინენტალური რკინიგზა და მასშტაბური აგრარული რეფორმა განხორციელდა ფერმერების სასარგებლოდ.
სხვათა შორის, პრეზიდენტის პოსტის დაკავებამდე ლინკოლნმა 18-ჯერ განიცადა მარცხი არჩევნებში. განსაკუთრებით მძიმე 1836 წელი აღმოჩნდა, როცა ფინანსურმა კრიზისმა სრული გაკოტრება გამოიწვია, შტატის საკანონმდებლო საბჭოს არჩევნებში მარცხს კი, ნერვული აშლილობა მოჰყვა, რასაც ლინკოლნი რამდენიმე წელი მკურნალობდა.
* ცილინდრი -
მართალია, არსებობს ვერსია, თითქოს პრეზიდენტი ძალიან დაბალი იყო, რაც ფოტოგრაფებს განსაკუთრებული რაკურსის შერჩევას აიძულებდა ილუზორული სიმაღლის შესაქმნელად, მაგრამ სინამდვილეში ლინკოლნის სიმაღლე თითქმის 2 მეტრს აღწევდა. ამასთანავე, ეპოქისა და მოდის გათვალისწინებით პრეზიდენტი მუდმივად მაღალ ცილინდრს ატარებდა, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავ იერს მატებდა, თუმცა ცილინდრს პრეზიდენტი არა მხოლოდ თავსაბურავის, არამედ „საიმედო სეიფის“ დანიშნულებითაც იყენებდა, რადგან სწორედ ქუდში ინახავდა ფულს, მნიშვნელოვან დოკუმენტებს და წერილებს.
* საკუთარი კლუბი -
ლინკოლნი - ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც საკუთარ კლუბს ფლობდა ილინოისის ქალაქ სპრინგფილდში. ე.წ. „ჯენტლმენების ბუნაგს“ ხშირად სტუმრობდნენ ელიტის წარმომადგენლები და შეძლებული ამერიკელები, რომელთაც განსაკუთრებით მამლების ორთაბრძოლები ხიბლავდათ. საოცრად აზარტული ლინკოლნი არა მხოლოდ ორგანიზებას უწევდა უჩვეულო ბრძოლებს, არამედ ფსონებსაც აქტიურად დებდა და მართალია, აზარტულ თამაშებში არასდროს უმართლებდა, მაგრამ საყვარელ თავშესაქცევს სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეელია.
* ოჯახი -
1840 წელს აბრაამმა ნაკლებად შეძლებული, თუმცა საოცრად მომხიბვლელი მერი ტოდი გაიცნო, რომელზეც ორი წლის შემდეგ იქორწინა. წყვილს ოთხი შვილი შეეძინა, თუმცა სამი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ერთადერთმა ვაჟმა - რობერტ ტოდ-ლინკოლნმა, რომელსაც იმედი ჰონდა, რომ მამის გზას გააგრძელებდა, ჯერ იურისპრუდენცია შეისწავლა, მერე კი, სახელმწიფო სამსახურში მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, თუმცა თავად თქვა უარი პოლიტიკურ კარიერაზე, როცა სამი პრეზიდენტის - საკუთარი მამის, ჯეიმს გარფილდის და უილიამ მაკკინლის მკვლელობის მოწმე გახდა.
* მკვლელობა -
სამოქალაქო ომის სამხრეთელების კაპიტულაციით დასრულების შემდეგ, თანამოაზრეები ხშირად აფრთხილებდნენ პრეზიდენტს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და პირადი დაცვის გაძლიერებას ურჩევდნენ, თუმცა პრეზიდენტმა არავის რჩევა არ გაითვალისწინა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ამერიკელების სიყვარულით და პატივისცემით განებივრებულ ლინკოლნს არასდროს სჯეროდა, რომ სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ, თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც. ამბობენ, თითოს პრეზიდენტმა, რომელსაც მისტიკური ძალების სჯეროდა, ზუსტად იცოდა საკუთარი გარდაცვალების დრო და ადგილი.
მეტიც, მკვლელობის შემდეგ გავრცელდა ხმები, თითქოს ბოლო ერთი კვირის მანძილზე ლინკოლნი ხშირად ამბობდა, რომ სარკეში ჩახედვისას ორ ანარეკლს ხედავდა, რომელთაგან ერთი შედარებით ბუნდოვანი იყო და მეორეს ზურგს უკან ცდილობდა დამალვას. წინასწარმეტყველური აღმოჩნდა სიზმარიც, რომელიც ლინკოლნმა რამდენიმე დღით ადრე ნახა და პრაქტიკულად საკუთარ დაკრძალვას დაესწრო თეთრ სახლში.
აბრაამ ლინკოლნი 1865 წლის 14 აპრილს მოკლეს ვაშინგტონში, ფორდის თეატრში, სპექტაკლის „ჩვენი ამერიკელი კუზენის“ დროს, როცა სამხრეთელთა მომხრემ, მსახიობმა ჯონ უილქს ბუტმა საპრეზიდენტო ლოჟაში მოახერხა შეღწევა და პისტოლეტიდან გასროლით დაჭრა პრეზიდენტი თავში. ბედის ირონიით, ლინკოლნი, რომელიც გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა მეორე დღეს, სწორედ იმ საწოლზე დაასვენეს, სადაც მანამდე მის მკვლელს ეძინა.
ლინკოლნის გარდაცვალება ნამდვილ ტრაგედიად იქცა მილიონობით თეთრკანიანი და შავკანიანი ამერიკელისთვის, რომელთაც უკანასკნელი პატივი მიაგეს საყვარელ პრეზიდენტს, როცა მისი ცხედარი მთელი ორი კვირა „მოგზაურობდა“ მატარებლით ვაშინგტონიდან სპრინგფილდში. პრეზიდენტი ოუკ-რიჯის სასაფლაოზე დაიკრძალა, შვილების გვერდით. თუმცა, საფლავის რეკონსტრუქციისა და უსაფრთხოების ნორმების გაძლიერების მიზნით მისი ცხედარი 17-ჯერ იქნა გადასვენებული და თავიდან დაკრძალული. საბოლოოდ პრეზიდენტი მხოლოდ 1901 წელს გარდაცვალებიდან 36 წლის შემდეგ დაიკრძალა, თუმცა ლეგენდის თანახმად მისი აჩრდილი, რომელიც თეთრ სახლში დაბინავდა, ყველა პრეზიდენტს პირადად მასპინძლობს და სისტემატურად სტუმრობს ოვალურ კაბინეტს.