* პოლ მაკარტნი -
მართალია, მუსიკალური კარიერა პოლ მაკარტნიმ საკულტო ჯგუფის The Beatles-ის შემადგენლობაში დაიწყო, რომელმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაზე და ლიდერის პოზიციით დაწინაურდა ჟურნალ Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო კოლექტივის“ რეიტინგში, მაგრამ მაკარტნიმ არც ლეგენდარული ჯგუფის დაშლის შემდეგ თქვა უარი კარიერაზე. მეტიც, დღეს ბრიტანელი მუსიკოსი და მულტიინსტრუმენტალისტი, რომელმაც „გრემის“ 18 პრემია მიითვალა საკუთარ ანგარიშზე, მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან წარმომადგენლად ითვლება.
* * *
პირველი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელზეც პოლმა დაკვრა ისწავლა - მე-14 დაბადების დღეზე მამისგან საჩუქრად მიღებული საყვირი იყო. საოცარი ჟღერადობის მიუხედავად, მოზარდ მაკარტნის მაინც ნაკლებად ხიბლავდა ჩასაბერი ინსტრუმენტი, რადგან ძალიან უნდოდა ერთდროულად დაკვრა და სიმღერა.
პოლმა მხოლოდ მოგვიანებით, ქანთრი-მუსიკოსის სლიმ უიტმანის მოსმენის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ცაციობის მიუხედავად, მაინც შეიძლებოდა გიტარაზე მუზიცირება. ახალბედა მუსიკოსმა სასწრაფოდ გაყიდა საყვირი და ძველი გიტარა შეიძინა, რომელზეც პრაქტიკულად დამოუკიდებლად ისწავლა დაკვრა. თუმცა, გიტარის გარდა, მულტიინსტრუმენტალისტი მაკარტნი ბრწყინვალედ უკრავს საქსოფონზე, ფორტეპიანოსა და დასარტყამ ინსტრუმენტზე.
* * *
მოზარდობაში მაკარტნი ამერიკელ მუსიკოსს, ფრენკ სინატრას ეთაყვანებოდა, რომელსაც 15 წლისამ სიმღერაც კი მიუძღვნა. წლების შემდეგ, როცა Beatles-მა პოპულარობა მოიპოვა, პოლი საკუთარ კერპსაც შეხვდა, რომელმაც სპეციალურად მისთვის სთხოვა სიმღერის დაწერა. მართალია, ამერიკელ კოლეგას მაკარტნიმ ბავშვობაში შექმნილი კომპოზიციის ახალი ვერსია შესთავაზა, თუმცა სინატრამ ნამუშევარი დაიწუნა და მხოლოდ ერთხელ შეასრულა მეგობრებთან ერთად მოწყობილ კონცერტზე.
* * *
არსებობს ლეგენდა, თითქოს ყველა დროის ჰიტი Yesterday, მუსიკოსმა სიზმარში დაწერა, ახლად გაღვიძებულმა კი, ფორტეპიანოზე დაუკრა მელოდია, რომელსაც სიზმარში ღიღინებდა. თუმცა, კომპოზიციას, რომელიც მოგვიანებით მაკარტნის სავიზიტო ბარათად იქცა, თავიდან არა Yesterday, არამედ Scrambled Eggs ანუ „ერბოკვერცხი“ ერქვა.
* * *
პოპულარული როკ-ბალადების შექმნის შემდეგ, 1991 წელს მაკარტნიმ პირველი სიმფონიური ნაწარმოები „ლივერპულის ორატორია“ დაწერა, რომელიც ლივერპულის ფილარმონიის სამეფო ორკესტრმა შეასრულა მოზარდების იმ გუნდთან ერთად, რომელშიც მაკარტნის ბავშვობაში უთხრეს უარი მიღებაზე.
2006 წელს მუსიკოსმა სიმფონიური მუსიკის ალბომი გამოუშვა, რომელსაც Ecce Cor Meum ანუ „აი, ჩემი გული“ უწოდა. ციტატა მაკარტნიმ რამდენიმე წლით ადრე ამოიკითხა ნიუ-იორკში, წმინდა იგნატიუსის ტაძარში და საკუთარ დევიზად აქცია. საერთო ჯამში მუსიკოსმა ხუთი კლასიკური დისკი ჩაწერა, საბალეტო დადგმის Ocean’s Kingdom-ის ჩათვლით.
* * *
ბრწყინვალე კარიერის მიუხედავად, მაკარტნის არც უფიქრია მუსიკალურ ინდუსტრიაში მიღწეული წარმატებით დაკმაყოფილება. პოლი არაჩვეულებრივი მხატვარია, რომლის ნამუშევრები ევროპული გალერეების, მათ შორის მშობლიური ლივერპულის საგამოფენო დარბაზებს ამშვენებენ. სხვათა შორის, მუსიკოსმა კუნძულ მენის საფოსტო მარკების მთელი სერიაც შექმნა. შთაგონების წყაროდ კი, კუნძულის უნიკალური ფლორა გამოიყენა, რომელიც ადრეული ბავშვობიდან შეიყვარა.
ფერწერით მუსიკოსი 1980-იან წლებში დაინტერესდა, მეგობრისა და კოლეგის დევიდ ბოუის წყალობით, მანამდე კი, ავანგარდისტ მეგობრებთან ერთად კინოში, ე.წ. cinéma vérité-ში ცდილობდა შესაძლებლობების მოსინჯვას. საკუთარი ნამუშევრები, რომელთა შორის ჯგუფ Grateful Dead-ზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმიც მოხვდა, პოლმა ჯერ ენდი უორჰალს, მერე მიქელანჯელო ანტონიონის წარუდგინა და დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.
* * *
სერიოზული კინოკარიერის გაკეთებას სთავაზობდა მუსიკოსს ლეგენდარული იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი, რომელმაც 1968 წელს მაკარტნი „რომეოსა და ჯულიეტას“ ეკრანიზაციაში მიიწვია მთავარი როლზე. მართალია, მუსიკოსი ენთუზიაზმით შეხვდა შეთავაზებას და სასიამოვნო საღამო გაატარა მომავალ პარტნიორთან ოლივია ჰაასთან, მაგრამ საბოლოოდ მაინც უარი თქვა ფილმში მონაწილეობაზე.
ძეფირელის „ოსკაროსან“ პროექტში მონაწილეობაზე უარის მიუხედავად, 1979 წელს მაკარტნიმ მაინც შეძლო საკუთარი „ოსკარის“ მოპოვება. პრემიით კინოაკადემიკოსებმა მისი დოკუმენტური ფილმი Let It Be აღნიშნეს, რომელიც Beatles-ის ამავე სახელწოდების ალბომის ჩაწერას მიეძღვნა.
* * *
მაკარტნი არა მხოლოდ საკუთარ კარიერაზე, არამედ დამწყები მუსიკოსების მომავალზეც აქტიურად ზრუნავს. პოლის დამსახურებით მოიპოვა აღიარება ჯიმი ჰენდრიქსმაც, რადგან სწორედ მაკარტნიმ გაუწია რეკომენდაცია მონტერეის ცნობილი ფესტივალის ორგანიზატორებთან, რომელიც 1967 წელს მოეწყო და პრაქტიკულად პირველ როკ-ფესტივალად იქცა. ამავე ფესტივალზე შედგა ვირტუოზი გიტარისტის - ჰენდრიქსის სადებიუტო გამოსვლაც, რომელსაც იმ პერიოდში არავინ იცნობდა.
* * *
„გრემის“ 18 პრემიის მფლობელი მაკარტნი, რომელიც ორჯერ მოხვდა როკ’ენ’როლის დიდების დარბაზში ჯერ Beatles-ის შემადგენლობაში, მერე კი, სოლო შემსრულებლის სტატუსით, ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მუსიკოსია. მეტიც, 1979 წელს მაკარტნი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა როგორც „ყველა დროის ყველაზე წარმატებული კომპოზიტორი და შემსრულებელი“, ჯილდოდ კი, იშვიათი და მეტად ძვირფასი მეტალის -როდიუმისგან დამზადებული დისკი მიიღო. უძვირფასესი პრემიით მუსიკოსის ფენომენალურობას გაესვა ხაზი, რადგან ტრადიციულად გინესის რეკორდსმენები ოქროთი ან პლატინით გაფორმებულ სერტიფიკატებით ჯილდოვდებიან.