ნიკი ჰეილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მარათონს ოფიციალურად გამოეთიშა - შედეგად, რესპუბლიკური პარტიიდან მხოლოდ ერთი კანდიდატი, დონალდ ტრამპი რჩება. თავის გამოსვლაში ნიკი ჰეილიმ დონალდ ტრამპს მიულოცა, თუმცა მისი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა. მან აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მოუწოდა "მოეპოვებინა" იმ ამომრჩევლების ხმები, ვინც მას მხარს უჭერდა. 5 მარტს აშშ-ში ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართა, რა დროსაც ერთდროულად 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე გაიმართა როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზები, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატი აირჩიეს. 14 შტატში რესპუბლიკური პარტიიდან გამარჯვებული დონალდ ტრამპი გახდა. ნიკი ჰეილიმ წარმატებას მხოლოდ ერთ შტატში, ვერმონტში მიაღწია.