აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ იემენის ტერიტორიიდან სავაჭრო გემზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. მათივე ცნობით, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი და ლიბერიის კუთვნილი ხომალდის მიმართულებით ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. სარდლობის განმარტებით, ეს არის მეხუთე ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ჰუსიტებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში გაისროლეს. „ჰუსიტები“, რომლებიც ჩრდილოეთ იემენის დიდ ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანაას აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო გემებზე მათი თავდასხმის მიზანია, ზეწოლა მოახდინონ ისრაელსა და მის მოკავშირეებზე, რომ ღაზაში ომი შეაჩერონ. დაჯგუფებამ არაერთხელ განაცხადა, რომ თავდასხმებს მაშინ შეწყვეტს, როცა ისრაელი ომს შეაჩერებს.