უკვე რამდენიმე დღეა, რაც საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო, პოლიტიკური დებატების მთავარი თემაა. ოპოზიცია ამბობს, რომ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დღის წესრიგში, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის საკითხის დაბრუნება, ადასტურებს იმას, რომ პარტნიორებისთვის პრობლემურია ცვლილებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე მიიღო. მმართველი პარტიის ოპონენტები აცხადებენ, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ „ქართული ოცნებას" არჩევნებში დამარცხების ეშინია. საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უკვე პარლამენტშია. 11-გვერდიან დოკუმენტში სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ პრეზიდენტის როლი ცესკოს თავმჯდომარის და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში შეზღუდულია. ის დეპუტატებს სთავაზობს, რომ შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას - სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი უნდა შენარჩუნდეს.