უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინული თავდაცვა რუსების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს წარმატებით აგრძელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი დამცველების შესაძლებლობებმა დაამტკიცა, რომ რუსი ოკუპანტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგურები არ არსებობს და არც მომავალში იქნება. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანამ საკუთარი შესაძლებლობები არაერთხელ დაამტკიცა. კიდევ ერთი რუსული გემის ჩაძირვას აშშ-ც გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, აშშ-ს სჯერა რომ ომში გამარჯვების მოსაპოვებლად უკრაინას შესაბამისი გეგმა აქვს. 5 მარტის ღამეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დრონებმა რუსულ საპატრულო გემ სერგეი კოტოვს დაარტყეს. უკრაინულმა მხარემ განმარტა, რომ ეს ქვეყნის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო.