პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 1 მარტს, ორმა პირმა, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსეს, შემდეგ კი შემძენ პირებს ფოტომასალა გაუგზავნეს. ამასთან, ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, ერთ-ერთი მათგანი კი სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა. დანაშაული ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.