კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დეპუტატებმა პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილეს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. მათ შორის განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. ცვლილებების თანახმად , თუ პოლიტიკური პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს, 2 წლის განმავლობაში კანონით გათვალისწინებულ საფინანსო დეკლარაციას არ წარუდგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი ხდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე, პარტიის რეგისტრაცია გააუქმოს. ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკას სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ცვლილებები იმსახურებს. თუმცა როგორც ცვლილებების ავტორები განმარტავენ, ყველა გადაწყვეტილება ევროკომისიის 9-პუნქტიანი გეგმისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღება.