მიიღებს თუ არა საქართველოს პარლამენტი ამნისტიის კანონს - პარტია „გირჩი“ საპარლამენტო უმრავლესობას ამ საკითხის დროული განხილვისკენ მოუწოდებს. იაგო ხვიჩიამ ამნისტიის პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დააყენა და მმართველი გუნდისგან დაინტერესდა, თუ როდის აპირებენ ამნისტიის პროექტის განხილვას. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკითხი კომპლექსურია, ამიტომ უმრავლესობას პოზიციის ნათლად ჩამოყალიბებისთვის და ვითარების სრული ანალიზისთვის დრო სჭირდება. პარტია „გირჩმა“ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა. მისი მიღების შემთხვევაში, სასჯელი თითქმის ყველა პატიმარს შეუმცირდება გარდა იმ პირებისა, რომლებიც არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში არიან მსჯავრდადებული.