საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა საბოლოოდ, 80 000 აშშ დოლარი და 8 672 000 რუსული რუბლი გამოავლინეს.
„არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 464 595,2 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საბოლოოდ, 46 518 ლარით (თანხის 10%- ის ოდენობა) დაჯარიმდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.