თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული ორი პირის, ალი ბალაძისა და მამუკა ბერიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ტარდება.
დღევანდელი სხდომა ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება და ის დასკვნით ეტაპზეა.
სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში რამდენიმე მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, მათ შორის, ყოფილი სპეცრაზმელი, რომელიც ამავე ეპიზოდიდან გამოყოფილ საქმეზე ბრალდებულის სტატუსითაა.
როგორც პროკურორი ლაშა ბიწაძე განმარტავს, ამ ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება.
დაცვის მხარის, კერძოდ, ალი ბალაძის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით კი, ბრალდება ორ მოწმეს ეყრდნობა, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობენ და საპროცესო შეთანხმების იმედით, ნებისმიერ პირს დაადებენ ხელს.
ალი ბალაძე წარსულში აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილეა, რაც შეეხება მამუკა ბერიძეს, ის ყოფილი სპეცრაზმელია. მათ საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის განხილვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მონაწილეობით მოითხოვეს, დანარჩენი 10 ბრალდებულის საქმეს კი არსებითად მოსამართლეები განიხილავენ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.
კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, ბათუმში მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.
სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ - ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს. ბათუმის გასასვლელთან მათ დამატებით სპეცდანიშნულების რაზმის სხვა წევრები შეუერთდნენ. აღნიშნულმა პირებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. გამოძიების ინფორმაციითვე, როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა ყალბი ვერსია შეიმუშავეს, კერძოდ: შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს. ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს საქმეზე - „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა.
სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ როინ შავაძის სიკვდილი, დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება.
ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 40 000 ევროს გადახდა დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.