MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები N308 მარშრუტზეც გავიდა. აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ცხრა ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდა. კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე; ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის სისტემებით, მობილურის დასატენი წერტილებითა და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.