რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი დაკრძალვის ცერემონიას ასობით ადამიანი დაესწრო. ნავალნის დაკრძალვამდე, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პანაშვიდი გაიმართა. მოქალაქეები პოლიტიკოსს ემშვიდობებოდნენ და მის მშობლებს, ლუდმილა ნავალნაიას და ანატოლი ნავალნის უსამძიმრებდნენ. დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ უცხოელი დიპლომატებიც, მათ შორის საფრანგეთის ელჩი რუსეთში პიერ ლევი და აშშ-ის ელჩი რუსეთში ლინ ტრეისი. ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ. ალექსეი ნავალნის ცხედარი ოჯახს 24 თებერვალს გადასცეს.