მოსკოვში, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მოქალაქეები გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის ემშვიდობებიან.
ტაძართან მოქალაქეებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. გარდაცვლილ პოლიტიკოსს ასობით ადამიანი აპლოდისმენტებით და შეძახილებით „ნავალნი!“ დახვდა.
ნავალნის ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ადგილზე სამართალდამცველები პატრულირებენ.
ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა.
რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.
ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.