რუსეთი მზადაა, რომ უკრაინულ მხარეს ბელგოროდის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრები გადასცეს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ადამიანის უფლებათა კომისარზე, ტატიანა მოსკალკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თქმით, ცხედრების გადაცემა სავალდებულო პროცედურების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს. 24 იანვარს ბელგოროდის ოლქის თავზე რუსეთის „ილ-76“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსული მხარის ინფორმაციით, თვითმფრინავში 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ და კატასტროფის შედეგად ყველა მათგანი, ასევე სამი თანმხლები რუსი ოფიცერი და ეკიპაჟის ექვსი წევრი დაიღუპა.