ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხაძემ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობა ბრალდებულის დანაშაულს ასაბუთებს. მისივე თქმით, მოკლულ გოგონას 59 ჭრილობა აქვს მიყენებული და ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელია. მისივე განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან როგორც მიმალვის, ისე შემდგომი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც არსებობს. პროკურორი ასევე აცხადებს, მტკიცებულებები და მოკლულსა და ბრალდებულს შორის არსებული მიმოწერის ეპიზოდები ადასტურებს, რომ დაკავებულ ცინდელიანს მოკლული ახალგაზრდა ქალი თავის საკუთრებად მიაჩნდა. გამოძიების ცნობით, დაკავებულ ოთარ ცინდელიანს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.