ჩვენ რეაგირება ახლავე უნდა გვქონდეს, არ უნდა დაველოდოთ ოკუპირებულ აფხაზეთში პორტის მშენებლობას და ფუნქციონირებას. რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ ევროკავშირი თვლის, რომ შავი ზღვა არის დე ფაქტო ევროპული ზღვა, სადაც ევროპას აქვს ყოფნის უფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა უკრაინაში ომის ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის პორტის აშენებამ საქართველოს ომში ჩათრევა შეძლოს? - პრეზიდენტმა უპასუხა: „შეიძლება“.
„ამ დროისთვის ეს პროექტი არის რუსული პროპაგანდის ნაწილი. პუტინი „კა-გე-ბეს“ ძველი აგენტი რეალურად უფრო მეტად აწარმოებს ფსიქოლოგიურ ომს, ვიდრე სამხედრო ომს. ასე იყო უკრაინაში, ასეა სხვაგანაც. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება ამ პორტთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ევროპელებმა უნდა გააცნობიერონ, რადგან ეს არის შავი ზღვა, რომელიც საფრთხეშია. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ რუსეთი აკონტროლებს შავი ზღვის ამ ნაწილს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება ევროკავშირის მომავალ პროექტებსაც, რომელიც უკავშირდება დაკავშირებადობას, შავ ზღვაზე სტრატეგიულ სატრანსპორტო მარშრუტებს.