2023 წელს, გასულ წელთან შედარებით, ქართული წარმოების ნუშის მოსავლის ოდენობა 30%-ით გაიზარდა და ნაჭუჭით 2 000 ტონა შეადგინა, გამოსავლიანობა კი 30% იყო. როგორც ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციაციაში ამბობენ, მიღებული ნუშის გულის 80% ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ნუში ექსპორტზე მასობრივად ჯერჯერობით არ გადის, თუმცა მიღებული მოსავლის ნაწილი საცდელად თურქეთში, ინდოეთსა და გალფის ქვეყნებში გაიგზავნა. ამასთანავე, ნაწილი არაპირდაპირი გზით, სომხეთის გავლით, რუსეთში გავიდა. ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად საერთაშორისო ბაზარზე არსებული დაბალი ფასისა, ბოლო ერთ თვეში ნუშზე ფასი 10%-ით გაიზარდა. ვარაუდობენ, რომ 2024 წელს ნუშზე ფასი შედარებით მაღალი იქნება. რაც შეეხება ფასს ადგილობრივ ბაზარზე, ნუშის ფასი კილოგრამზე საშუალოდ 5 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ეს კი უფრო მაღალია, ვიდრე ესპანეთში, რომელიც ევროპაში ნუშის ძირითადი მიმწოდებელია. ესპანეთში კილოგრამი ნუშის ფასი 4 ევროა. სხვათა შორის, ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის გარდა, ესპანეთი ამერიკიდან ახორციელებს ნუშის იმპორტს, შემდეგ კი დამუშავებას, შეფუთვას და ქსელებისთვის მიწოდებას. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში 6 250 დოლარის 1 ტონა ქართული წარმოების უნაჭუჭო ნუში ექსპორტზე სრულად ინდოეთში გავიდა. რაც შეეხება იმპორტს, ამავე პერიოდში ქვეყანაში 203 ათასი დოლარის 79 ტონა ნაჭუჭგაცლილი ნუში შემოვიდა. იმპორტიორი ქვეყნები აშშ, თურქეთი, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და პოლონეთი იყვნენ.