2023 წელს ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 25 209 მოქალაქემ მოითხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტო ავრცელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში ითხოვდნენ. კერძოდ, გერმანიაში სულ 9 194 საქართველოს მოქალაქის განაცხადი შევიდა, საფრანგეთში - 7 210, ხოლო იტალიაში - 3 105. სააგენტოს მონაცემებით, 2022 წელთან შედარებით, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულია. კერძოდ, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი 28 803-მა საქართველოს მოქალაქემ ითხოვა. ცნობისთვის, 2023 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და მილიონ 140 ათასი შეადგინა, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. ყველაზე მეტი განაცხადი ევროკავშირმა სირიისა და ავღანეთის მოქალაქეებისგან მიიღო. ამასთანავე, პალესტინის მოქალაქეებისგან მიღებული განაცხადების რაოდენობა წლის ბოლოს გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯამში ყველაზე მეტი მოთხოვნა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან კვლავ გერმანიაში შევიდა და 334 000 შეადგინა.