საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი, რაზეც დაკავებულია ერთი პირი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის კუთვნილ ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის საიუველირო ნაკეთობები.
გამოძიების ამ ეტაპზე ავტობუსში აღმოჩენილია და ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, სავარაუდო ღირებულებით 535 000 ლარი.
გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ავტობუსში სხვა შესაძლო სამალავების აღმოჩენისა და დამატებით კონტრაბანდული ძვირფასეულობის ამოღების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.