* შინეიდ ო’კონორი -
ირლანდიელმა მუსიკოსმა შინეიდ ო’კონორმა, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა 56 წლის ასაკში, სიმღერის Nothing Compares 2 U წყალობით დაიმკვიდრა სახელი მუსიკის ისტორიაში. როგორც ჩანს, ყველა დროის საუკეთესო ჰიტმა, რომელსაც კრიტიკოსებმა მე-20 საუკუნის ყველაზე მგრძნობიარე და ემოციური კომპოზიცია უწოდეს, საკუთარ თავში დაიტია მუსიკოსის ის უზარმაზარი ტკივილი, რომელიც მან ცხოვრების მანძილზე განიცადა, რადგან კოლეგების შეფასებით ო’კონორი თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი და ტრაგიკული ფიგურა იყო.
აღსანიშნავია, რომ მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ ო’კონორმა 1990-იან წლებში განაცხადა განსაკუთრებული პოპულარობის პერიოდში, რისი მიზეზიც ერთის მხრივ, ფსიქიკური აშლილობა, მეორეს მხრივ კი, ზეწოლა გახდა, რომელსაც ო’კონორი კრიტიკული და მეტად კატეგორიული შეფასებების გამო განიცდიდა.
* * *
შინეიდ მარი ბერნადეტ ო’კონორი 1966 წლის 8 დეკემბერს დაიბადა დუბლინში. ავტობიოგრაფიულ რომანში „მოგონებები“ საკუთარ ბავშვობას ო’კონორმა „ჯოჯოხეთი“, დედას კი, სადისტი უწოდა, რომელიც შვილების მორალური და ფიზიკური წამებით იღებდა სიამოვნებას, ამიტომ მისი ავტოკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ მუსიკოსის განცხადებით, ყველამ შვებით ამოისუნთქა.
* * *
კათოლიკური სკოლიდან შინეიდი ქურდობის გამო გააძევეს, თუმცა ციხეს დამსგავსებულ სასწავლებელში სწავლა შინეიდს არასდროს მოსწონდა, რასაც უმართავი ქცევითა და პედაგოგებთან მუდმივი სკანდალით აპროტესტებდა. ქურდობაზე რამდენჯერმე გამოჭერის შემდეგ ო’კონორი მონასტრის ტიპის გამოსასწორებელ დაწესებულებაში - მაგდალენას თავშესაფარში მიავლინეს, სადაც მართალია, სასტიკი აღმზრდელობითი მეთოდებით ცდილობდნენ არასრულწლოვანი კრიმინალების გამოსწორებას, მაგრამ სწორედ თავშესაფრის ერთ-ერთ მონაზონმა უსახსოვრა შინეიდს გიტარა, რასაც მისი მუსიკით დაინტერესება მოჰყვა.
* * *
მართალია, კარიერის დასწყისში პროდიუსერები შინეიდს თმის გაზრდას და ქერად შეღებვას ურჩევდნენ, რადგან სწორედ ამგვარი ტიპაჟი სარგებლობდა შოუბიზნესში პოპულარობით, მაგრამ ო’კონორმა ისევ ყველას წინააღმდეგ წასვლა და თავის გადაპარსვა გადაწყვიტა. „როცა გრძელი თმა მქონდა, დედა ყველას სათითაოდ უყვებოდა, როგორი ლამაზი შვილი ჰყავდა, მე კი, არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი ლამაზი და მოვწონებოდი დედას“, - იმავე „მოგონებებში“ ახსნა მუსიკოსმა საკუთარი პროტესტის მიზეზი.
* * *
ო’კონორი, რომელიც წლების მანძილზე ებრძოდა დეპრესიას და რამდენჯერმე სცადა თავის მოკვლა, ბიპოლარული აშლილობით იტანჯებოდა. 2017 წელს მუსიკოსმა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა ამერიკული შოუს „დოქტორ ფილის“ წამყვანთან, რომელსაც პირველს გაუმხილა საკუთარი დიაგნოზი და დეტალურად მოუთხრო კოშმარული ბავშვობის შესახებ.
სხვათა შორის, სწორედ შოუში მონაწილეობის შემდეგ გამოაქვეყნა ო’კონორმა მეტად სასოწარკვეთილი ვიდეო Facebook-ზე, რომელშიც ჯერ ატირებულმა ისაუბრა საკუთარ მარტოობაზე, მერე კი, ახლობლებს მიმართა დახმარების თხოვნით.
* * *
მემარცხენე ო’კონორი აქტიურად უჭერდა მხარს ირლანდიის რესპუბლიკურ არმიას - სეპარატისტულ გასამხედროებულ ორგანიზაცია IRA-ს, რომელიც დიდი ხანია მოითხოვს ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსგან გამოყოფას, 1970-1980-იან წლებში კი, უსასტიკესი ტერორისტული აქტების მთელი სერია განახორციელა.
* * *
ამბობენ, თითქოს მუსიკოსი არა მხოლოდ ბრიტანულ, არამედ მსოფლიო შოუბიზნესს „ეომებოდა“. მართალია, ო’კონორმა Grammy-ს ოთხი ნომინაცია დაიმსახურა ალბომისთვის
I Do Not Want What I Haven’t Got, მაგრამ დემონსტატიულად თქვა უარი საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობის მიღებაზე. მეტიც, ო’კონორმა „კომერციული სიცრუე“ უწოდა პრესტიჟულ მუსიკალურ დაჯილდოებას და კატეგორიულად მოითხოვა საკუთარი სახელის ნომინანტთა სიიდან ამოღება. ამასთანავე, მუსიკოსი ხშირად და დაუმსახურებლად აკრიტიკებდა კოლეგებს - ბონოს, ფრენკ სინატრას, მადონასა და მაილი საირუსს, პრინსთან კი, რომელიც მისი ჰიტის Nothing Compares 2 U-ს ავტორი გახდა, შელაპარაკების შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაზეც გადავიდა.
* * *
მძიმე ხასიათის მუსიკოსს მეტად წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ჰქონდა კათოლიციზმისა და ეკლესიის მიმართ. 1992 წელს კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ძალადობის ფაქტების გამჟღავნების შემდეგ ო’კონორმა პირდაპირ ეთერში დახია რომის პაპის იოანე პავლე მეორის ფოტო და სწორედ ასე გამოხატა საკუთარი პროტესტი.
ცნობილი გამოცემისთვის, Sunday Independent-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კი, „სიბინძურის ბუდე“ უწოდა ვატიკანს და ერთგვარი „ალტერნატიული ეკლესიის“ შექმნა მოითხოვა.
პროვოკაცია მოაწყო მუსიკოსმა 1996 წელსაც, როცა პასტორის სამოსში გამოწყობილი გამოვიდა სცენაზე და თამამად განაცხადა, რომ მღვდლად „ლათინურმა ეკლესიამ“ აკუთხა. თუმცა, ვატიკანი არც ლათინურ ეკლესიას აღიარებს, არც ქალის მღვდლად კურთხევას.
მორიგი გამოხდომით აღნიშნა ო’კონორმა 2018 წელიც, როცა ისლამი მიიღო, პაპ ფრანცისკს კი, წერილი მისწერა და განუცხადა, რომ რადგან „ქრისტიანობამ იმედი გაუცრუა, ამიტომ დრო იყო საერთოდ მოეკვეთად ეკლესიიდან“. ისლამის საჯაროდ მიღების შემდეგ კი, მუსიკოსმა, რომელიც მხოლოდ ჰიჯაბს ატარებდა, სახელიც შეიცვალა და შუჰადა დევიტი გახდა.
* * *
მუსიკოსს მეტად მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება ჰონდა. ოთხჯერ გათხოვილ ო’კონორს ოთხი შვილი შეეძინა, ბოლო მეუღლესთან, თერაპევტთან ბერნი ჰერიჯთან კი, მისი ქორწინება კი, მხოლოდ 16 დღე გაგრძელდა.
2022 წლის თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ო’კონორის შვილმა. 17 წლის შეინმა კლინიკიდან მოახერხა გაქცევა, სადაც სუიციდის ორი მცდელობის შემდეგ მოხვდა, რამდენიმე დღის შემდეგ მოზარდი კლინიკასთან ახლოს, ტყეში იპოვეს ჩამომხვრჩვალი. მართალია, შვილის სიკვდილში მუსიკოსმა საჯაროდ დაადანაშაულა კლინიკის პერსონალი, რომელსაც მუდმივი მეთვალყურეობა ევალებოდა თვითმკვლელობისკენ მიდრეკილ ახალგაზრდაზე, მაგრამ სინადვილეში მხოლოდ საკუთარ დანაშაულს გრძნობდა, რადგან დროულად ვერ შეძლო მისთვის დახმარების გაწევა. შვილის სიკვდილი უზარმაზარ ტრაგედიად იქცა მუსიკოსისთვის, რაც კოლეგების მტკიცებით, მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.