ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი ცვლილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო მეორე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება. შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლდეს და ასევე მიმართავს ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ სააკაშვილის შეწყალების კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს. ანა ფოტიგას შესწორების თანახმად, დოკუმენტში ასევე მკაცრად გმობენ რუსეთის გეგმებს, ოკუპირებულ აფხაზეთში, კონკრეტულად კი ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის აშენებას და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის დასასჯელად.