ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულების მიზნით პარლამენტში ორგანიზებულ შეხვედრებს, ექსპერტთა ნაწილი ფარსს უწოდებს. როგორც თავად ამბობენ, მათ ამის თქმის საფუძველს ის ფაქტი აძლევს, რომ ამ პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციები ნაკლებად არიან ჩართული. ექსპერტთა შეფასებით, ევროკავშირმა ჩვენს ქვეყანას მიუთითა რომ, მოლაპარაკებებში არასამთავრობო სექტორი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს, თუმცა მათივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ სამუშაო პროცესში ის ორგანიზაციები ჩართო, რომლებიც ხელისუფლების ინტერესებს ატარებენ. ცნობისთვის, 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის, ახალი გეგმა შეიმუშავა. ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციის მიუხედავად, ისინი მზად არიან, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩაერთონ და ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობიდან, მოლაპარაკების ეტაპზე გადაიყვანონ.