უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალების თავდასხმების საფრთხის გამო, უკრაინის სამხრეთ ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა. გასული ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 13 დრონი გაუშვეს, თუმცა მათგან მიზანს ვერცერთმა მიაღწია. აფეთქებების ხმა ქალაქ პოლტავაში ისმოდა. მედიის ინფორმაციით, რუსული ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკადან დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით წინ მიიწევენ და ლასტოჩკინოს შემდეგ მათ სოფლები - სტეპნოე და სევერნოე - აიღეს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში მათ მტრის 850 ჯარისკაცი მოკლეს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტი ქვეყნის დანაკარგებმა 411 500 ჯარისკაცს გადააჭარბა.